საქართველოს ტურისტულ რეგიონებში ფასდაკლების კვირეული იწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით Discount Week-ის კამპანია 24 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით აჭარაში ჩატარდება.
მათივე ცნობით, ფასდაკლებების კვირეულში ჩართულია აჭარის 15 სასტუმრო, 11 კვების ობიექტი, 5 ატრაქცია და 5 სავაჭრო ობიექტი.
„Discount Week-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარაში მდებარე სასტუმროებს, რომლებსაც გააჩნიათ 39 ან მეტი ოთახი. მათ უნდა წარმოადგინონ არსებულ სეზონზე გამოცხადებული ფასიდან 30%-იანი ან მეტი ფასდაკლება.
ფასდაკლების კვირეულისთვის სპეციალური მარკეტინგული კამპანია შემუშავდა, რომელიც პროექტის სატელევიზიო გაშუქებას და სოციალურ ქსელში რეკლამას მოიცავს. სპეციალურ ვებ-გვერდზე discount.georgia.travel განთავსებულია კვირეულში მონაწილე ყველა სასტუმრო, სავაჭრო, საკვები და სხვა ტურისტული ობიექტი შესაბამისი შეთავაზებით.
ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელმა სასურველ სასტუმროს დაჯავშნის ნომერზე დარეკვით უნდა წარმოადგინოს სპეციალური პრომო კოდი რომელიც განთავსებული იქნება ვებ-გვერდზე georgia.travel/discount. სპეციალური პრომო კოდი ვრცელდება პროექტში მონაწილე სხვა ობიექტებზეც.
Discount Week საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ტურისტული სერვისების ფასდაკლების კვირეულს მოიცავს. კამპანიის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება, ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს დამსვენებლების მოზიდვაში, რაც საბოლოო ჯამში მათ ბიზნესზე დადებითად აისახება. აჭარის შემდეგ ფასდაკლების კვირეული კახეთში გაიმართება. სხვადასხვა რეგიონში ფასდაკლების კვირეულის კამპანია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2017 წელს დაიწყო“, - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.