დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ დაანონსებულ რეორგანიზაციას, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე ეხმაურება.
როგორც ცნობილია, თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილებები და კერძოდ, სხვადასხვა სამსახურების რეორგანიზაცია უკვე განხორციელდა და მომავლშიც განხორციელდება.
ვასო ურუშაძის განცხადებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი დედაქალაქში არსებულ საცობებზე, არ იყო ჩართული დაგეგმარების პროცესში და არც რეორგანიზაციის შედეგად იქნება.
„მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ მომავალში, სანამ კეთილმოწყობის სამსახური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობას დაიწყებს, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ამის შესახებ წინასწარ იქნება ინფორმირებული, ანუ საქმის კურსში ჩააყენებენ. დღემდე კეთილმოწყობის სამსახური საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ისე გეგმავდა და ახორციელებდა, რომ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს საქმის კურსშიც კი არ აყენებდა. ეს იგივეა საგარეო საქმეთა სამინისტრო ყიდულობდეს სამხედრო შეიარაღებას ისე, რომ თავდაცვის სამინისტრო არ იყოს წინასწარ ინფორმირებული.
შესაბამისად ჩნდება შეკითხვა, რის საფუძველზე და რაზე დაყრდნობით გეგმავდა და გეგმავს კეთილმოწყობის სამსახური საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რით ხსნიან ამის საჭიროებას, რა გათვლებს ეფუძნება, ან საერთოდ აქვთ თუ არა რაიმე წინასწარი გათვლები გაკეთებული, ამას ხომ ტრანსპორტის სამსახური უნდა აკეთებდეს, რომელიც ინფორმირებულიც კი არ იყო, ჩართულობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. აქვე ჩნდება ლოგიკური შეკითხვა, რის საფუძველზე გვპირდებოდნენ პერიოდულად დედაქალაქის მერები საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით, ესტაკადების და ხიდების მშენებლობით საცობების პრობლემის მოგვარებას? თუ ეს არანაირ გათვლებს და გაანგარიშებებს არ ეფუძნებოდა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, რომელიც პირდაპირ არის პასუხისმგებელი საგზაო მოძრაობის ორგანიზებაზე და საცობებზე ქალაქში, არ იყო ჩართული დაგეგმარების პროცესში“, - აცხადებს ურუშაძე.
მისივე შეფასებით, რეორგანიზაციის შედეგად, სატრანსპორტო მიმართულებით ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარების ილუზია არ უნდა გვქონდეს.
„თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა ყირამალას გავს, კეთილმოწყობის სამსახური გეგმავს ინფრასტრუქტურას, მაგრამ არ იცის რატომ, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის სამსახურს ქმნის და ჯერ დაუდგენელია, რა ფუნქცია ექნება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს. თბილისის მერიაში რატომღაც ცდილობენ ყველაფერი თავდაყირა დააყენონ. სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილში ანალოგიური მდგომარეობაა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზეც, ვინ, რას და რისთვის გეგმავს გაუგებარია, რასაც მივყავართ გაუაზრებელ გადაწყვეტილებებამდე.
ამ ფონზე, სატრანსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტულობაზე საუბარი ზედმეტია და ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ ქალაქში არსებული პრობლემები მოგვარდება. თუ თბილისის მერიას, მართლაც აქვს სურვილი ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარების, თუ მართლაც მათთვის პრიორიტეტულია ტრანსპორტის პოლიტიკა, უნდა დაიწყონ ინსტიტუციური და ადმინისტრაციულ-სტრუქტურული პრობლემების მოგვარება, რეორგანიზაციის ფარგლებში, კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ფორმულირდეს, ერთ ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამსახურად, რომელსაც ექნება ერთიანი ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკა, პრიორიტეტები, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ამ ცვლილებების შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ რეალური დისკუსია მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და გასატარებელ ღონისძიებებზე, მანამდე უბრალოთ ერთ წრეზე ვიტრიალებთ“, - აღნიშნავს ვასო ურუშაძე.