რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური საბჭოს სხდომას დაესწრო

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმციით, სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს, მათ შორის ადგილობრივი მნიშვნელობის მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის 17-კილომეტრიანი საავტომობილო გზის სამშენებლო გეგმის ძირითადი მიმართულებები.

პროექტზე შ.პ.ს. "საქგზამეცნიერება" მუშაობს. წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული გზის მონაკვეთი 8 მეტრის სიგანის იქნება, აშენდება 3 გზაგამტარი და სატრანსპორტო კვანძი. მარნეული-ალგეთის საგზაო მონაკვეთის მშენებლობა მნიშვნელოვნად განტვირთავს საგზაო მოძრაობას ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუსთავი-თბილისისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამავე გზით ისარგებლებენ სატრანზიტო ტვირთის გადამზიდავებიც.

გარდა ამისა, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, დაწყებულია ქუთაისში შესასვლელი გზის (ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზა) ნიკეას ქუჩის მონაკვეთის საპროექტო სამუშაოები. მისი სიგრძე 4 კილომეტრი იქნება, სიგანე კი - 6-6,5 მეტრი. მას შემდეგ, რაც შ.პ.ს. "ტრანსპროექტი" საპროექტო სამუშაოებს დაასრულებს, მზა პროექტი საქართველოს მთავრობას წარედგინება. მოწონების შემთხვევაში, მოხდება საჭირო თანხების მობილიზება და გზის მშენებლობისთვის შესაბამისი სამუშაოები დაიწყება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკურმა საბჭომ სხდომაზე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკას 7 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წინასწარი საპროექტო გადაწყვეტილებებიც განიხილა. ასევე, იმსჯელა მდინარე ცხენისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზანშეწონილობის საკითხზე.