30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით საქართველოში უძრავი ქონების პირველი გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. სამი დღის განმავლობაში 100-მდე სამშენებლო და დეველოპერული კომპანია საკუთარ სამშენებლო პროექტებს „არია ექსპო 2018“ ის ფარგლებში გამოფენს და მომხმარებელსა და დაინტერესებულ პირებს სპეციალურ პირობებსა და ფასდაკლებებს შესთავაზებს.
გამოფენა „არია ექსპო 2018“- ის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს წამყვანი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს პირადად შეხვდნენ და მათი პროექტებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია ადგილზევე მიიღონ. იქვე იქნებიან კომერციული ბანკების წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესების შემთხვევაში საკუთარ პირობებს გააცნობენ მომხარებლებს და ადგილზე პროდუქტის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ. ამგვარად, თბილისის მოსახლეობას და არა მარტო მას, პირველად ეძლევა საშუალება ერთ ადგილზე დაათვალიეროს საქართველოში მიმდინარე მშენებარე თუ უკვე აშენებული პროექტები, შეარჩიოს და შეიძინოს სასურველი ბინა, საოფისე, ასევე კომერციული ფართი რეგიონის, უბნის, არქიტექტურის გათვალისწინებით, თანაც სპეციალური პირობებითა და ფასით.
ეს არის უპრეცენდენტო ღონისძიება, სადაც დეველოპერები საქართველოს მასშტაბით ერთ სივრცეში მოიყრიან თავს და ადგილზევე უზრუნველყოფენ პროექტების წარდგენა-გაყიდვას.
უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებსა და სამშენებლო კომპანიებს „ექსპოჯორჯიას“ საგამოფენო სივრცის მე-4 და მე-5 პავილიონები დაეთმობათ.
მსგავსი ტიპის ღონისძიება ფართოდ აპრობირებულია საზღვარგარეთ, თუმცა საქართველოში პირველად ტარდება. ღონისძიების ორგანიზატორია უძრავი ქონების სერვისები კომპანია „არეა ჯგუფი“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე მიწოდების საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების დანერგვას. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების მიზანია შეიქმნას პლატფორმა, რომელიც საქართველოში მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე ინფორმაციის პირდაპირ და სწრაფ მიმოცვლას უზრუნველყოფს, რის გამოც „არეა ექსპო“ ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.
ღონისძიების შესახებ სრულ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე: www.areaexpo.ge.