2018 წელს საქართველოდან რამდენიმე ახალი მიმართულებით იქნება ფრენა შესაძლებელი. ამის შესახებ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2018 წელი ძალიან პოზიტიურად დაიწყო და იანვრის მონაცემებით, საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდა ფიქსირდება.
„სიახლეები გვაქვს ავიამიმართულებების კუთხითაც. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უახლოეს მომავალში პირდაპირ ავიარეისებს ამატებს ავიაკომპანია "აირზენა", მათ შორის: პარიზის, ბრიუსელის, ბარსელონის, ბერლინის, ბოლონიის, კიოლნის, სალონიკის, ათენისა და ბრატისლავის მიმართულებით. ასევე ველოდებით ახალ ავიაკომპანიებს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია "ვიზ ეარი" ამატებს მეორე საჰაერო ხომალდს და ახალ მიმართულებებს, მათ შორის: ბარსელონა, პარიზი-ბოვე, პრაღა, ათენი, ვროცლავი, ვენა, რომი. ქუთაისიდან ასევე რეისებს ამატებს ავიაკომპანია "ფლაი დუბაი", რომელიც ასევე ახორციელებს ფრენებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელსაც ძალიან დატვირთული იქნება, იგეგმება რეგულარული და ჩარტერული რეისები სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, პროგნოზები 2018 წლისთვისაც საკმაოდ პოზიტიურია და დარწმუნებული ვართ, შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს,“ - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2017 წელს საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 13%-ით გაიზარდა და 142 ათასზე მეტი ინსტრუმენტული ფრენა შესრულდა. რაც შეეხება მგზავრთნაკადს, 2017 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი 41%-ით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის - 49%-ით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის - 59%-ით, ხოლო ადგილობრივი აეროპორტების (მესტია, ამბროლაური) - 108%-ით გაიზარდა.