ქართული ონლაინ კაზინოები კითხვებს თავს არიდებენ, სპეციალისტები კი სექტორში არსებულ საფრთხეებზე საუბრობენ.
ონლაინ აზარტული თამაშები, დღემდე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე უკონტროლო ბიზნესია. მილიონიანი ბრუნვის ფონზე, ბიუჯეტში მხოლოდ მიზერული თანხები ირიცხება, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი კიდევ უფრო მძიმდება, ხოლო ონლაინ თამაშები ფულის გათეთრების მთავარ საშუალებად რჩება.
ონლაინ კაზინოების მეშვეობით ფულის გათეთრების საკითხს ეხმაურება “ევრონიუსი” და აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს მაფია ფულის გათეთრებას ონლაინ კაზინოების მეშვეობით.
როგორც სტატიაშია აღწერილი, მაფია ფულის გათეთრებისთვის გერმანულ ონლაინ კაზინოს იყენებს. თუმცა კონკრეტულად ამისი დამტკიცება რთულია და ამ ყველაფერში დამნაშავე ჩახლართული გერმანული კანონმდებლობაა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ნარკოტიკებით ვაჭრობიდან, პროსტიტუციიდან და ადამიანების ვაჭრობიდან მიღებული ყოველწლიური შემოსავალი 1.6 ტრილიონ ევროს შეადგენს. ეს ციფრი უხეშად, რომ ვთქვათ უტოლდება დიდი ბრიტანეთისა და იტალიის წლიურ მთლიან შიდა პროდუქტის მაჩვენებელს. აღნიშნული თანხის ღიად გამოყენებისთვის მაფიას სჭირდება მისი საქმიანობის ლეგალიზება.
“ფულის გათეთრება არ არის უმნიშვნელო დანაშაული, ეს არის პროცესი რომელიც ხელს უწყობს ორგანიზებულ დანაშაულს”, – ამბობს ეკონომისტი ინგო ფიდლერი. თუ არ იქნება ფულის გათეთრების გზები, არ იქნება არც მაფია. ჰამბურგის უნივერსიტეტში ეკონომიკის პროფესორი დარწმუნებულია: “ნათლიმამებს” ურჩევნიათ ისარგებლონ იაფი და ადვილად ხელმისაწვდომი არხებით, მაგალითად, ონლაინ კაზინოებით, რათა მოხდეს მათი შემოსავლების დაკანონება შედარებით მარტივად.
ონლაინ კაზინოები მაფიის ხელში
ინგო ფიდლერისთვის ცნობილია ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები მიზანმიმართულად ყიდულობენ მოქმედ ონლაინ კაზინოებს და პარალელურად ხსნიან ახალსაც. ეს კაზინოები ყველაზე ხშირად არის რეგისტრირებული იმ ქვეყნებში, რომლებიც განეკუთვნებიან ეგრეთწოდებულ “საგადასახადო ოაზისს’’. გერმანიის ფინანსურ სამსახურებს არ აქვთ შესაძლებლობა, გადაამოწმონ, თუ როგორ გამოიმუშავებენ მილიონობით ევროს ონლაინ საიტები.
გარდა ამისა, არსებობს ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ იტალიის მაფია ფულის გათეთრებას გერმანიაში არსებული ონლაინ კაზინოების მეშვეობით ახერხებს. 2012 წლის ნოემბერში ბუნდესტაგის ფინანსური კომისიის ღია სხდომაზე საუბრისას, სიცილიელმა პროკურორმა რობერტო სკარპინატომ, რომელიც მაფიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე მუშაობს, განაცხადა რომ გრემანიასა და იტალიას შორის მნიშვნელოვანი ფინანსური ნაკადების ცირკულირება ხორციელდება.
სკარპინატოს თქმით, 45 მოწმე იქნა დაკითხული, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მაფიამ ფულის გათეთრების ერთ-ერთ ქვეყანად გერმანია აირჩია. განსაკუთრებით აქტიურია ამ მიზნებისათვის სათამაშო დარბაზები და ონლაინ კაზინოების გამოყენება.
პოლიცია უმოქმედოა
შვეიცარიელი ექსპერტი, ანდრეას ფრანკი იტალიელი პროკურორის მოხსენებაზე ბერლინში იმყოფებოდა. ექსპერტი ყველაზე მეტად გააოცა იმ ფაქტმა, რომ იტალიელი პროკურორის შთამბეჭდავმა ამბავმა გერმანელ პოლიტიკოსებს შორის არანაირი რეაქცია არ გამოიწვია. ბუნდესტაგის დეპუტატები ამ პრობლემებზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ პოლიტიკოსებს აკისრებენ. მართლაც, 2007 წლიდან გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში სათამაშო ბიზნესის რეგულაციით ფედერალური მიწები არიან დაკავებული. 2012 წლის იანვარში, შლეზვიგ-ჰოლშტეინის მიწაზე ჩატარდა ერთ-ერთი ტიპის ექსპერიმენტი, რომელიც ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეებს გერმანიაში ონლაინ კაზინოს გახსნის საშუალებას აძლევდა. ერთი წლის შემდეგ, 2013 წლის 24 იანვარს, შლეზვიგ-ჰოლშტეინის პოლიტიკოსებმა შეცვალეს გადაწყვეტილება. ამრიგად, დღეს გერმანიის ტერიტორიაზე მოქმედებს როგორც ლეგალური სათამაშო დარბაზები, ასევე ონლაინ კაზინოები, რომლებიც გამოიყენება “ბინძური” ფულის გათეთრებისთვის.
ანდრეას ფრენკი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა ამგვარი დაბნეულობის ფონზე. ხელისუფლების კიდევ ერთი მცდელობა იყო 2012 წლის დეკემბერში – “ფულის გათეთრების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა”. გამომდინარე იქედან, რომ კანონში ნახსენები არ არის თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ აზარტული თამაშების შავ ბაზარს, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ვერც ეს ნაბიჯი ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს.
გადაწყვეტილებას ევროპული სასამართლო მიიღებს
თეორიულად, ლეგალური სათამაშო დარბაზების მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს, ხოლო არალეგალური, კანონის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. პრაქტიკაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის თქმით, სათამაშო დარბაზების მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ არსებობს და არალეგალური ონლაინ კაზინოების გამოსააშკარავებლად არავინ მუშაობს და არც პოლიტიკოსების მხრიდან ჩანს რაიმე დაინტერესება ამ საკითხის მიმართ. არ არის საკმარისი კვალიფიციური თანამშრომელი და არც პოლიციას აქვს დრო გამოიძიოს თუ რა გზით ხორციელდება ინტერნეტში ფულის გათეთრება. სწორედ ამიტომ, სათამაშო ბიზნესის შავი ბაზარი დღემდე აგრძელებს განვითარებას გერმანიაში. პოლიცია აკვირდება სიტუაციას, მაგრამ კაზინოების მფლობელებს არ აქვთ საბაბი რაიმეს შიში ჰქონდეთ.
ეკონომისტ ინგო ფიდლერის აზრით პოლიციის უმოქმედობა ხელს აძლევს პოლიტიკოსებს, რადგან მათ კარგად იციან რომ გერმანიის ჩახლართული კანონმდებლობა არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს. ევროპის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში კაზინოსა და სათამაშო დარბაზებზე აკრძალვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით, მაგალითად, თუ მოსახლეობა მთლიანად არის დამოკიდებული აზარტულ თამაშებზე. პრობლემა ისაა, რომ 2012 წელს გერმანიაში ონლაინ კაზინოების გახსნასთან დაკავშირებით ლიცენზიები გაცემული იყო ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ამიტომ, გერმანული მხარის არგუმენტაციას, ევროპულმა სასამართლომ ლუქსემბურგში – ევროკავშირის იუსტიციის უმაღლეს ინსტანციაში შეიძლება არ ეთანხმებოდეს.
2013 წლის 24 იანვარს გერმანიის ფედერალურმა სასამართლომ ევროპულ სასამართლოს მიმართა ოფიციალური განცხადებით ამ მიზნით. თუ ლუქსემბურგში მოსამართლეები ბერლინის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ, გერმანიაში სათამაშო ბაზარი კვლავ გაიხსნება.
ქართული კაზინოები დუმილს არჩევენ
ბუნებრივია, დავინტერესდით თუ რა პოზიცია ექნებოდათ ქართულ ონლაინ კაზინოებს ფულის გათეთრების საფრთხეებთან დაკავშირებით, რამდენად არსებობს იმის რისკი, რომ ქართული საიტების მეშვეობით ხდებოდეს შავი ფულის გათეთრება. დავუკავშირდით “აჭარაბეთს” და “ევროპაბეთს” და მივმართეთ შესაბამისი კითხვით, თუმცა ორივე შემთხვევაში კომპანიების წარმომადგენლებმა კითხვას თავი აარიდეს და გვითხრეს, რომ თუ პასუხს საჭიროდ ჩათვლიდნენ თავად დაგვიკავშირდებოდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, არავინ აღარ დაგვკავშირებია. რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს, იმის შესახებ, რომ ფულის გათეთრება, შესაძლოა, ქართული უკონტროლო ონლაინ აზარტული თამაშების მეშვეობითაც არსებობდეს.
ეჭვი კიდევ უფრო საფუძვლიანი ხდება მას შემდეგ, რაც განვიხილავთ იმ თანხებს რაც ამ სექტორში ბრუნავს. ბუნებრივია, დეტალურად არავინ იცის, თუ რა თანხებზეა საუბარი, თუმცა შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სათამაშო ბისნესსექტორის ბრუნვამ 2016 წელს 4 მილიარდ 302 მილიონი ლარი შეადგინა – რაც საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია. რაც შეეხება მოგებას, 2016 წელს გადასახადების გადახდამდე აზარტული თამაშების მთლიანმა მოგებამ 400 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ 340 მილიონი. სწორედ ეს არის მოგების ის მაჩვენებელი რაც სექტორის უკონტროლობის პირობებში შემოსავლების სამსახურს გააჩნია.
ფულის გათეთრების რისკები გაეროს კვლევაში
ფულის გათეთრების საფრთხე, რომ ქართულ ონლაინ კაზინოებშიც არსებობს და საფრთხეების თავიდან ასაცილებლად სფეროს რეგულირებაც რომ საჭიროა, ამას ადასტურებს “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას ეკონომისტი ანდრია გვიდიანიც. მისი განცხადებით, გამჭვირვალე უნდა იყოს ის ტრანსფერები და თანხების მოძრაობა, რომელიც ტრიალებს აზარტულ თამაშებში, ამავდროულად არსებობს ფულის გათეთრების რისკები, რასაც გაეროს შესაბამის კვლევაც ადასტურებს.
“გამჭვირვალე უნდა გახდეს ის ტრანსფერები და თანხების მოძრაობა, რომელიც ტრიალებს აზარტულ თამაშებში. არსებობს ფულის გათეთრების რისკები, რასაც გაეროს შესაბამის კვლევაც ადასტურებს. ონლაინ სივრცეში მოთამაშეთა იდენტიფიცირების საკითხები უკონტროლოა. ამასთან, ფინანსთა სამინისტრომ აღიარა, რომ ამ სივრცის კონტროლის მექანიზმი არ გააჩნია. სრულად უნდა მოხდეს იდეტიფიცირება, თუ ვინ არის აზარტულ თამაშებში ჩართული. დღეს ნებისმიერი თერთმეტნიშნა კოდით დარეგისტრირება ყველას შეუძლია და შესაძლებელია, ნებისმიერ ადამიანთან წააგოს, საზღვარგარეთიდან შემოვიდეს თანხა, რომლის მიზნობრიობა დაუდგენელია”, – აცხადებს გვიდიანი.
ხელისუფლება კი დღემდე სირაქლემას პოზიციაშია და მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში არაერთხელ გაჟღერდა სექტორის რეგულირების ინიციატივა და აქტიურად დაიწყო სათამაშო ბიზნესის რეგულირებისთვის კანონპროექტის მომზადებაზე მუშაობაც, დღემდე არანაირი კონკრეტული შედეგი არ არსებობს და აზარტული თამაშების ლობიც ახერხებს თემის საგულდაგულოდ მიჩქმალვას.
გიორგი კაპანაძე
წყარო: „ბანკები და ფინანსები"