20-22 თებერვალს თბილისი მასშტაბურ ღონისძიებას - ევროპის საავიაციო ფორუმს, CONNECT 2018-ს უმასპინძლებს. ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ ავიამიმართულებაზე თანამშრომლობას. ფორუმის ფარგლებში თბილისს ეწვევა 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, ღონისძიებაზე უკვე დარეგისტრირდნენ ისეთი ავიაკომპანიები, როგორიცაა Royal Dutch Airlines, Gulf Air, Wizz Air, Ryanair, Ukraine International Airlines, Turkish Airlines, TUI France, Airzena, SAS Scandinavian Airlines, LOT Polish Airlines, British Airways, Ernest Airlines, Transavia, HOP, MIAT Mongolian Airlines, Tajik Air, PTL Airlines, Flybe, Blue Air, SWISS International Airlines, Iberia, Croatia Airlines, Eurowings, Nordica, Meridiana, Pegasus Airlines, Kuwait Airways, Flydubai, Ellinair, Lufthansa, Volotea, Atlas Global, Air France, air Baltic და სხვა.
„დაახლოებით რვა თვის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, მიგვეღო მონაწილეობა შერჩევის პროცესში და გავმხდარიყავით CONNECT 2018-ის, რომელიც წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძლები. თვით ის ფაქტი, რომ მოვიპოვეთ ამ ღონისძიების მასპინძლობის უფლება, უკვე დიდი წარმატებაა და მოწმობს ჩვენი ქვეყნისადმი მზარდ ინტერესს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სწორედ საქართველოს ავიაბაზრის განვითარებაა. მისივე თქმით, ბოლო წლების რეკორდულად მზარდი სტატისტიკა და საავიაციო ბაზრის დივერსიფიკაცია წარმოადგენს მთავრობის თანამიმდევრული და კოორდინირებული მუშაობის შედეგს.
„ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ავიამიმართულებების მოქნილი და ფართო ქსელი. კონკურენტული გარემოს დანერგვითა და განმტკიცებით ჩვენ უზრუნველვყოფთ კიდევ უფრო მეტი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას საქართველოს საავიაციო ბაზარზე“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, აღსანიშნავია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც დაეხმარა ჩვენს ქვეყანას გამხდარიყო ერთ-ერთი რეგიონული სატრანსპორტო ცენტრი. მათ შორის არის: ღია ცის პოლიტიკის დანერგვა, საქართველოს ინტეგრირება ევროპის საერთო საავიაციო სივრცეში, ჩვენი მოქალაქეებისათვის ევროპასთან უვიზო მიმოსვლა და თანამედროვე აეროპორტების ქსელის განვითარება.
„მსოფლიო საავიაციო ბაზარი სწრაფად ვითარდება, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ ამ პროცესის უშუალო მონაწილეები და სწორად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება და ამავე დროს საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის კულტურა და ისტორია“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.