დედაქალაქში მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის დადგენილი სანქციები მკაცრდება.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის ინიციატორი თბილისის მერიაა.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელიც კანონპროექტში შევა, სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის დროს დაწესებულ ჯარიმებს ეხება, რომელიც 3 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გაიზრდება. ამასთან, თუ ადრე ჯარიმის დაწერამდე, მშენებელს სიტყვიერი გაფრთხილება ეძლეოდა, ცვლილებების შემდეგ, დარღვევების აღმოჩენის პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა დაწესდება.
„ნებისმიერ დარღვევაზე, მაგალითად ჩაფხუტის არდახურვის გამო დამრღვევს ჯარიმა 30 000 ლარი გამოეწერება. მშენებლის ინტერესში უნდა იყოს ასევე ის, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები მუშაობდნენ უსაფრთხოდ. მუშებმაც უნდა იცოდნენ, თუ რა სანქციები მოჰყვება უსაფრთხოების წესების დარღვევას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში დეველოპერები აცხადებენ, რომ უსაფრთოების წესების დარღვევაზე ჯარიმების გაზრდა საჭიროა, რადგან საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება. მათივე განმარტებით, ჯარიმის ოდენობა საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით მცირე ბიზნესისთვის, თუმცა მათი თქმით, ყველა მშენებელი მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს უსაფრთხოების წესების დაცვას.
დეველოპერული კომპანია „ბინადარის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგა ტალახაძე მერიის ინიციატივას სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებით და ჯარიმების გაზრდის შესახებ დადებითად აფასებს: „მშენებლობა უნდა იყოს უსაფრთხო. ჩვენ აქამდეც ვიცავდით უსაფრთხოების წესებს. როდესაც უკანონოდ აშენებ, ჯარიმისთვისაც მზად უნდა იყო. რაც შეეხება ჯარიმას სამშენებლო წესების დარღვევის დროს, ეს თემაც დარეგულირებულია. დეველოპერმა მშენებლობის დაწყებამდე, უსაფრთხოების წესები უნდა განსაზღვროს. როდესაც ინფორმირებული ხარ და შეასრულებ, არც დაჯარიმდები. მცირე ზომის სამშენებლო კომპანიები უფრო მეტად ყურადღებით იქნებიან, რომ წესები დაიცვან“, - აღნიშნავს ტალახაძე.
სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი აცხადებს, რომ ჯარიმის დაწესება სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა ჯარიმამდე აუცილებლად უნდა იყოს სიტყვიერი გაფრთხილება.
„ჯარიმას მივესალმები, მაგრამ პირდაპირ ჯარიმა, გაფრთხილების გარეშე არ უნდა იყოს. ჩაფხუტის, ქამრის, სპეციალური აღჭურვილობის, დამცავი ბადის გარეშე მშენებლობაზე მუშა არ უნდა დაიშვას და ამაზე ჯარიმა აუცილებლად უნდა იყოს და თანაც, პირველივე შემთხვევაზე. თუმცა არის ძალიან ბევრი ნიუანსი, რის გამოც ასეთი დიდი მოცულობის ჯარიმის დაწერა სწორად არ მიმაჩნია. კერძოდ, კანონში შეიძლება იყოს ისეთი სტანდარტების შესახებ საუბარი, რამაც გაუგებრობა გამოიწვიოს, მითუმეტეს პირველ ეტაპზე. ასეთი ნიუანსების დროს, უმჯობესი იქნება, თავდაპირველად გაფრთხილება აუცილებლად დაიწეროს“, - აცადებს ჯაყელი.
„მენაშენეთა ასოციაციას“ თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილის თქმით კი, ჯარიმის ოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცა მათი ასოციაციის მოთხოვნა სწორედ ეს იყო, რომ უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად გამკაცრებულიყო.
„30 000 ლარი საქართველოს მასშტაბებისთვის დიდი თანხაა, მაგრამ როცა საქმე უსაფრთოებას ეხება, ჯარიმა უნდა იყოს მტკივნეული, რომ მშენებელი კარგად დაფიქრდეს, სანამ წესებს დაარღვევს და ამით ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. ახლა ათჯერ უფრო მეტად მიაქცევენ უსაფრთხოების წესების დაცვას ყურადღებას, როცა ეცოდინებათ, რომ შესაძლოა, ამ მოცულობის თანხის გადახდა მოუწიოთ.
შესაძლოა, ეს პატარა ბიზნესისთვის დიდი ოდენობის ჯარიმაა, მაგრამ როცა მშენებლობას იწყებს, გამოცდილება უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, არიან პატარა კომპანიები, რომლებიც აშენებენ, არ ფიქრობენ უსაფრთხოების წესებზე და მთავარია ერთჯერადი მოგება მიიღონ. მერიაში შეხვედრა რამდენჯერმე გაიმართა, მენაშენეთა ასოციაციის წევრი ყველა სამშენებლო კომპანია მოვიწვიეთ. მათი დიდი ნაწილი მოვიდა. ზოგმა მოსვლა საჭიროდ არ ჩათვალა. უმჯობესი იქნება მსგავს კონსულტაციებს დაესწრონ და ინფორმირებულები იყვნენ, როგორ უნდა აშენონ და რა წესები დაიცვან“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.
თეონა კენჭიაშვილი