საკონსულტაციო ცენტრი PMCG-ი იანვარში საქართველოს სასტუმროების ფასების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. მათი ცნობით, 2018 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 124 ლარი შეადგინა.
ამ ტიპის სასტუმროებში 2017 წლის დეკემბრის მსგავსად, ყველაზე მაღალი დღიური განაკვეთი მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში დაფიქსირდა. აღნიშნულ მაჩვენებლებს უმეტესწილად ბაკურიანის და გუდაურის სასტუმროების სტანდარტული ორადგილიანი ნომრების მაღალი ფასები განაპირობებს. ასევე, საშუალოზე მაღალი ფასი ფიქსირდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.
PMCG-ის ცნობით, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა იანვარში 223 ლარი შეადგინა. საშუალოდ ყველაზე ძვირი - 315 ლარიანი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია. ასევე, აღნიშნული ტიპის საშუალოზე მაღალი ფასის მქონე განთავსების საშუალებები გვხვდება კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში.
რაც შეეხება 5- ვარსკვლავიან სასტუმროებს, თბილისის გარდა ისინი სამ რეგიონში (აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი) ფუნქციონირებს. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო დღიურმა განაკვეთმა 2018 წლის იანვარში 373 ლარი შეადგინა.
„დეკემბრის მსგავსად, იანვარში აღნიშნული ტიპის სასტუმროების ფასებში თბილისსა და რეგიონებს შორის დიდი სხვაობა დაფიქსირდა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2 ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 649 ლარი შეადგინა, კახეთში - 297 ლარი, აჭარაში - 216 ლარი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 407 ლარი.
საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებს. იანვარში საშუალო ფასი ამ ტიპის სასტუმროებში 74 ლარს შეადგენს. ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ფიქსირდება,“-ნათქვამია კვლევაში.