ნავთობის ფასმა ახალი სავაჭრო კვირა ზრდით დაიწყო და რამდენიმე საათში, ბოლო ორი კვირის მაქსიმუმი განაახლა.
ამას ორი მიზეზი აქვს: ერთი საფონდო ბაზრებზე სიტუაციის გამოსწორებაა. მეორე კი ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდა.
დღის პირველ ნახევარში, ბრენტ მარკის ბარელის ფასი 37 ცენტით, 65.45 დოლარამდე გაიზარდა. დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასმა კი 54 ცენტით, 62.22 დოლარამდე მოიმატა.
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებამ გამოიწვია, რომლითაც მან დაიმუქრა, რომ ისრაელი იმოქმედებს არამხოლოდ ირანის ახლო აღმოსავლელი მოკავშირეების, არამედ უშუალოდ ირანის წინააღმდეგაც, თუ ის სირიის კონფლიქტში აქტიურ ჩარევას გააგრძელებს.
მაგრამ ენერგომატარებლების ბაზარზე მოქმედებს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ნავთობის ფასის უფრო მკვეთრ ზრდას უშლის ხელს. ეს არის შეერთებულ შტატებში ნავთობის მოპოვების შეუჩერებელი მატება. ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს (EIA) მონაცემებით, შეერთებულ შტატებში გასულ კვირაში ყოველდღიური მოპოვება ისტორიულ მაქსიმუმს, 10.27 მილიონ ბარელს მისწვდა.
გარდა ამისა, 7 ერთეულით გაიზარდა ქვეყანაში მოქმედი ჭაბურღილების რიცხვი, რომელთა რაოდენობაც 798-ია. ეს კი 2015 წლის აპრილის შემდეგ, უმაღლესი მაჩვენებელია. შედარებისთვის, აშშ-ში ერთი წლით ადრე, მხოლოდ 597 ჭაბურღილი მუშაობდა.