Volkswagen-მა Tesla-ს კონკურენტი წარადგინა

გერმანულმა საავტომობილო კომპანიამ Volkswagen-მა სრულიად ახალი კონცეპტუალური ელექტრომობილი I.D. Vizzion წარმოადგინა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ის მოახდენს კომპანიის მომავალი საფლაგმანო ელექტრომობილის დემონსტრირებას. ავტომობილი პირდაპირ კონკურენციას გაუწვეს ამ დროისთვის ამ სეგმენტში ყველაზე პოპულარულ და მდიდრულ ელექტრომობილს Tesla Model S.

ამჯერად კომპანიამ ავტომობილის მხოლოდ სკეჩები წარმოადგინა, თუმცა მისი სრულყოფილი პრემიერა 6 მარტს ჟენევაში დაგეგმილ ავტოშოუზე მოხდება.

Vizzion - ეს არის უახლესი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი სედანი, რომელსაც გააჩნია სმარტ ასისტენს სისტემა, რომელიც მძღოლის ბრძანებებს ასრულებს, მას შეუძლია დამოუკიდებლად მძღოლის დახმარების გარეშე გადაადგილება, შედეგად კი არის სრულად-ავტონომიური ელექტრომობილი.

რაც შეეხება ძალისმიერ აგრეგატებს, Vizzion აღჭურვილია 225 კილოვატი სიმძლავრის ელექტროძრავითა და 110 კილოვატსაათიანი ლითიუმ იონის ელემენტებით, რომელიც მას აძლევს საშუალებას, ერთი დამუხტვით 665 კმ დაფაროს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი მხოლოდ 180 კმ/სთ-ია.

ცნობისათვის, ეს არის მეოთხე I.D. კონცეპტი კომპანიისგან. შეგახსენებთ, მანამდე გერმანელებმა წარმოადგინეს I.D.კომპაქტური ჰეჩბეკი და კროსოვერი, რომელთა წარმოება 2020 წლიდან დაიწყება, ხოლო მესამე I.D. Buzz-ის სერიული წარმოება 2022 წლიდან. კომპანია 2025 წლისთვის 20 სრულიად ელექტროძრავიანი ავტომობილის წარმოდგენას აპირებს.

კოკა კვირკველია