მედიკამენტების საშუალო ფასნამატის მარჟა საქართველოში 102%-ს შეადგენს

საქართველოში ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირებას სახელმწიფო უკვე დიდი ხანია ცდილობს, თუმცა მცდელობას სასურველი შედეგი ჯერ არ მოუტანია.

როგორც მედიკამენტები, ასევე, სამედიცინო მომისახურება მუდმივად ძვირდება. პრეტენზიებია ექიმების მიმართაც, რომლებიც, პაციენტებს უფრო და უფრო მეტ წამლებს უნიშნავენ.

საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი ყოველთვის მიუთითებს მედიკამენტების სიძვირეზე და მოგების ძალიან დიდ მარჟაზე. საქართველოში მოსახლეობის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობებს, რაც მძიმე ტვირთად აწვება საზოგადოებას და განსაკუთრებით მის ღარიბ ფენას.

დღეს არსებული სიტუაციის მიხედვით, 70%-ზე მეტი ხუთ მსხვილ კომპანიაზე არის გადანაწილებული, ესენი არიან შპს "პსპ ფარმა" - 22.32%, შპს "ეიბი-სი-ფარმაცია" - 14,91%, შპს "ავერსი-ფარმა" - 14,54%, სს "ჯი პი სი" - 10.20% ა შპს "გლობალ-ფარმი" - 7.02%. აქედან გამომდინარე, ფარმაცევტული ბაზარი შეიძლება დახასიათდეს, როგორც სუსტი ოლიგოპოლია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ "ეი-ბი-სი ფარმაცია" და სს "ჯი-პი-სი" გაერთიანდნენ და ბაზარზე კონკურენცია კიდევ უფრო შეიზღუდა. შედეგად, დომინირებული პოზიციების ბოროტად გამოყენების რისკები კიდევ უფრო მეტად ამაღლდა. მეორე მხრივ, კომპანიების შერწყმა ხელს შეუწყობს რესურსების გაერთიანებას, ხარჯების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის გაზრდას.

სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სულ 2339 აფთიაქია. როგორც სააგენტოში განაცხადეს, აქედან თბილისში 1018 მდებარეობს, ხოლო რეგიონში 1321 ფილიალი.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია იმდენად მძაფრია, რომ არ შეიძლება საქმე გვქონდეს კარტელური გარიგების რაღაც სისტემასთან.

"ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტების წვდომა აქვს, მედიკამენტების როგორც საბაჟო, ისე საცალო ფასებთან და ფასნამატი არსებობს, თუმცა არ იკვეთება სურათი, რომ კომპანიები რაიმე გიგანტურ, ზემოგებაზე მიდიოდნენ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა მედიკამენტებზე ფასების ზრდა ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლიებისა და კარტელური გარიგებების არსებობას და ხდება თუ არა ხელოვნურად წახალისება, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ბოლო წლინახევრის განმავლობაში ფარმაინდუსტრიაში ახალი მოთამაშეები გამოჩნდნენ, რომლებმაც გადაწყვიტეს, თავიანთი, ძირითადად, გამჭვირვალე თამაშის წესები შემოეტანათ, რამაც დიდი შეთქმულებისა და მანიპულაციების საშუალებები, თუ ასეთი რამ არსებობდა, მინიმუმამდე დაიყვანა.

"ახლა კონკურენცია იმდენად მძაფრია, რომ რიგი ობიექტური მიეზების გამო, არ მგონია, საქმე კარტელური გარიგების რაღაც სისტემასთან გვქონდეს", - განაცხადა სერგეენკომ.

ასევე შეკითხვაზე, თუ რამდენად მართებულია, როცა საავადმყოფო, სამშობიარო, ამბულატორია, აფთიაქი, სადაზღვევო კომპანია და ა. შ. ერთი პირის ხელშია, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ სისტემას ბიზნესში ვერტიკალურ ინტეგრაციას უწოდებენ და ეს შესანიშნავი მდგომარეობა არ არის.

"ამაზე მსჯელობა და რისკების გათვლა საჭიროა, თუმცა ახლა ამ ყველაფრის მექანიკური შეზღუდვით გაუქმება ამ ეტაპზე კონტრპროდუქტიული იქნება. დიდი ხანი ეს არ უნდა გაგრძელდეს და ჯანდაცვამ თავისი ლოგიკური ფორმა უნდა მიიღოს. 2013 წელს თქვენ მიერ გაკეთებულ ჩამონათვალს, რომელიც რეალური იყო, საქართველოს მასშტაბით სასწრაფო დახმარების სამსახურებიც ემატებოდა, რაც კატასტროფული ვერტიკალური ინტეგრაცია იყო. ეს 2014 წლის 1-ელ იანვარს დასრულდა, როცა საქართველოს მასშტაბით არსებული რაიონული სასწრაფოები სახელმწიფომ მართვაში მთლიანად წამოიღო. ეს ამ სიტუაციის სერიოზული კორექცია იყო", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

სრული სურათის დასანახად, საინტერესოა საქართველოში დაფიქსირებული ფასნამატების შედარება ევროპის ქვეყნების ფასნამატების შედარებასთან, თანაც იმის ფონზე რომ საშუალო ევროპელის მყიდველუნარიანობა გაცილებით მაღალია, ვიდრე საშუალო ქართველის.

კვლევის შედეგად, რომელიც საერთაშორისო ფონდ "კურაციომ" ჩაატარა, გამოვლინდა რომ საქართველოში ფასნამატის მარჟა სულ მცირე ორჯერ აღემატება ევროპის ქვეყნებში დაფიქსირებულ მარჟას.

ამავე კვლევის მიხედვით, საშუალო ფასნამატი საქართველოში 102%-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნებში შემდეგი სიტუაციაა საშუალო ფასნამატის მიმართულებით - უნგრეთი 27%; პოლონეთი 32%; ჩეხეთი 35%; საბერძნეთი 46%; იტალია 49% - ფასნამატები დათვლილია მედიკამენტის იმპორტიდან საცალო ქსელის დახლამდე.

მოსახლეობას სულ უფრო უჭირს მედიკამენტების შეძენა და, ამ მხრივ, ვითარება წლიდან წლამდე მძიმდება. ამიტომ, სახელმწიფო უახლოეს მომავალში იმ მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდას გეგმავს, რომელთაც მოსახლეობის გარკვეული კატეგორია 1 ლარად ან შეღავათიან ფასში მიიღებს. ამის თაობაზე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თუკი აქამდე ამბულატორიული მედიკამენტების მხრივ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეები იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც ჰქონდათ 100 000 ქულაზე ნაკლები და მათზე ვრცელდებოდა მხოლოდ 23 მედიკამენტი, ეს ჩამონათვალი უნდა გაიზარდოს და მასში უნდა შევიდნენ ასაკით პენსიონერები, შშმ პირები და დამატებითი კონტინგენტი. 23 მედიკამენტი უნდა გაიზარდოს 50-მდე.

"არც ადრე და არც ახლა ჩვენ რომელიმე კერძო კომპანიაზე ფოკუსირება არ გვქონია. ჩვენ ვცდილობთ, სისტემა ისე მოვაწყოთ, რომ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი იყოს და ახალი მოთამაშეების შემოსვლა შესაძლებელი გახდეს, რაც ყოველთვის კარგია და კონკურენციას ხელს უწყობს. მეორე მხრივ, ჩვენი ვალდებულებაა და წლის განმავლობაში შედეგებს დავინახავთ, რომ მკაფიოდ მომუშავე ხარისხის კონტროლის სისტემა ჩამოყალიბდეს. კერძო-სახელმწიფო პარტნიორობასთან ერთად, ეს ორი ფაქტორი იმის გარანტია, რომ ჩვენ სასურველი შედეგები მივიღოთ", - განაცხადა სერგეენკომ.

რამდენად მოიტანს ჯანდაცვის სამინისტროს მცდელობა შედეგს, ეს მოგვიანებით გამოჩნდება. ჯერჯერობით ფარმაცევტულ ბაზარზე სიტუაციის დარეგულირების გზა არ ჩანს.

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"