იანვარში საწვავის იმპორტი 45,6 ათასი ტონით შემცირდა

იანვარში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 71,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით 45,6 ათასი ტონით ნაკლებია.

კერძოდ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2018 წლის იანვარში ბენზინის საწვავის იმპორტმა 39,4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 31,7 ათასი ტონა შეადგინა.

„საწვავის კატეგორიების მიხედვით 2018 წლის იანვარში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 28,8 ათასი ტონა ანუ 73,1%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 10,0 ათასი ტონა ანუ 25,4%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,6 ათასი ტონა ანუ 1,5%.

ქვეყნების მიხედვით კი, წინა თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 28,6 ათასი ტონა რუსეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 40,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 19,7 ათასი ტონა (27,7%), აზერბაიჯანი - 9,4 ათასი ტონა (13,2%), თურქმენეთი - 6,2 ათასი ტონა (8,7%); საბერძნეთი - 3,7 ათასი ტონა (5,2%), ბულგარეთი - 3,4 ათასი ტონა (4,8%),“- ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

რაც შეეხება სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტს, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 2,5 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც გასული თვის მაჩვენებელთან შედარებით 2,8 ათასი ტონით ნაკლებია. საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა კი 0,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,0 ათასი ტონით ნაკლებია დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით.

ამასთან, წინა თვეში საქართველოში 1,5 ათასი ტონა საავიაციო ნავთი შემოიტანეს, რაც დეკემბრის მაჩვენებელზე 10,6 ათასი ტონით ნაკლებია, ხოლო გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა 1,2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, იმპორტის კლება სეზონურ ფაქტორებს უკავშირდება. კერძოდ, წელიწადის ამ თვეს ტრადიციულად ყოველთვის ნაკლებია ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება წინა თვეებთან შედარებით, ვინაიდან დეკემბერში გარკვეული მარაგების შექმნა ხდება. გარდა ამისა, ასოციაციის ცნობით, იანვარში დღესასწაულებიდან გამომდინარე ბევრი დასვენების დღეა, რაც ნავთობპროდუქტების მოხმარებას მნიშვნელოვნად ამცირებს.