დედაქალაქის მერია 1-ელი მარტიდან ვაკის რაიონის 32 უბნიდან ნაგავშემკრებ კონტეინერებს 22:00 საათიდან დაცლის. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, 22:00 საათიდან ნაგავშემკრები კონტეინერების დაცლა, ვაკის პარკიდან თსუ-ს პირველ კორპუსამდე საპილოტე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. კალაძის თქმით, ამ პროგრამის მიზანი დედაქალაქის სისუფთავეზე ზრუნვის გარდა, სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის ხელშეწყობაცაა.
„თბილისის მერია ქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და სისუფთავის დაცვის მიზნით, 1-ელი მარტიდან, ვაკის რაიონის 32 უბანში იწყებს საპილოტე პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ვაკის პარკიდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე და მის მიმდებარე ქუჩებზე, ნაგავშემკრები კონტეინერების 22:00 საათიდან დაცლას. იმისთვის, რომ საპილოტე პროგრამამ გაამართლოს და შევძლოთ მოძრაობის განტვირთვა, მნიშვნელოვანია საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და მოსახლების მხრიდან იმის გათვალისწინება, რომ კონტეინერების ავსება მოხდეს საღამოს და არა დღის განმავლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, ეს პროგრამა სრულად ვერ მოაგვარებს საცობების პრობლემას, თუმცა ის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმისა, რომ გარკვეულწილად მოხდეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობის განტვირთვა.
„მინდა ასევე დავავალო შესაბამის სამსახურებს, რომ ყველაფერი გააკეთონ რათა მოსახლეობამდე მივიტანოთ ინფორმაცია. თუკი ეს პროექტი წარმატებით განხორციელდა, გამორიცხული არაა მთელი თბილისის მასშტაბით ანალოგიური მიდგომა გვქონდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.