თბილისის მერია ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა საპარკინგე სტრუქტურის მოწყობის პროცესში კერძო ინვესტორებს დაინტერესებისკენ მოუწოდებს. როგორც ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვინაიდან ეს არის კერძო ინვესტიცია, ამისთვის თანხა ბიუჯეტიდან არ გამოიყოფა. მისი თქმით, ინვესტიციის ჯამური ოდენობა კი 3 მლნ ლარზე მეტი იქნება.
მისივე განმარტებით, ინვესტორი, რომელიც ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა საპარკინგე მშენებლობის პროცესში გაიმარჯვებს, ავტომობილებისთვის 180- ადგილიან საპარკინგე ინფრასტრუქტურას მოაწყობს.
"ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა საპარკინგე სტრუქტურის მოწყობაზე თბილისის მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას და იწვევს პოტენციურ ინვესტორებს ამ პროცესში მონაწილეობისთვის. მათი სურვილის და გამარჯვების შემთხვევაში, შესაძლებლობა მიეცემათ, რომ საკუთარი სახსრებით განახორციელონ არანაკლებ 180-ადგილიანი მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა. საპარკინგე ტერიტორიის 5% უნდა დაეთმოს ელექტროავტომობილების განსათავსებელ ლოკაციებს და აუცილებლად უნდა მოეწყოს ელექტროდამტენები", -განაცხადა ხმალაძემ.
რაც შეეხება ზოგადად პარკინგის ღირებულებას, ვიცე-მერის თქმით, ვინაიდან ეს არის კომერციული პარკინგი, ფასების დარეგულირება არ მოხდება.
"დღეს ეს არის დერეგულირებული ბაზარი. არც ერთ შემთხვევაში ფასების ლიმიტირება და განსაზღვრა არ ხდება არც ერთი კომერციული პარკინგისთვის. შესაბამისად, აქ რომ ჩვენ რაღაც ასეთი მეთოდები გამოვიყენოთ, პარკირების ოპერატორებს არათანაბარ პირობებში ჩავაყენებთ. აქედან გამომდინარე ფასების რეგულირებას არ მოვახდენთ", - განაცხადა ხმალაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რა ვადებში მოხდება ათ ლოკაციაზე ზოგადად პარკირების განთავსება, ხმალაძის თქმით, ამისთვის ჯერ შესაბამისი კვლევა უნდა ჩატარდეს.
"საქმე იმაშია, რომ დღეს ორეტაპიანი ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. ერთი არის ის, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა ჩაატაროს კვლევა და იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური და ეკონომიკური კვლევა პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობას აჩვენებს, მერე განხორციელდება უკვე სამშენებლო ეტაპი. მშენებლობა კი, დაახლოებით ორ წელში განხორციელდება. რაც შეეხება სხვა ადგილებს, მომდევნო პერიოდში დავამუშავებთ და გამოვაცხადებთ მიწისქვეშა პარკირებაზეც განაცხადს. როგორც მერის დავალება მოისმინეთ, მიწისზედა პარკირების ადგილების შესწავლა მოხდება", - განაცხადა ხმალაძემ.