დოლარის ინდექსმა დღეს ზრდა გააგრძელა, თუმცა მის აღმასვლას ის გარემოება ზღუდავს, რომ ბაზარი შეერთებული შტატების ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას ელის, რაც დოლარის კურსისთვის სახარბიელო არ იქნება.
შეერთებული შტატების 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი 1 ტრილიონ დოლარს მიუახლოვდება. ამას ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დანახარჯების ზრდა და დიდი კორპორაციებისთვის გადასახადების შემცირება გამოიწვევს.
ახლახან დოლარის ინდექსი ზეწოლის ქვეშ მოექცა, რისი მიზეზიც, მონეტარული პოლიტიკის უფრო სწრაფი ტემპით გამკაცრების მოლოდინი იწვევს. შრომის ბაზრის და ინფლაციის სტატისტიკის მდგრადი გაუმჯობესების ფონზე, ანალიტიკოსები მოელიან, რომ დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ზრდის ტემპი მოიმატებს. თუმცა, ასეთივე მოლოდინია დოლარის „მეტოქე“ ვალუტების საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით, რაც საბოლოოდ, მათ შორის განსხვავებას შეამცირებს.
ინვესტორები ამჟამად ფედრეზერვის ბოლო სხდომის ჩანაწერების გამოქვეყნებას ელიან, სადაც დოლარის საპროცენტო განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების შესახებ მინიშნებებს დააკვირდებიან. ადრეული განცხადებებით, განაკვეთი წლის განმავლობაში სამჯერ უნდა გაიზარდოს, თუმცა დადებითი სტატისტიკის საფუძველზე, გაიზარდა იმის ვარაუდი, რომ განაკვეთის ზრდა ოთხჯერ განხორციელდება.
ამერიკული დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს ვალუტასთან მიმართებით, დოლარის გასაშუალოებულ კურსს გვიჩვენებს, 0.49 პროცენტით გაიზარდა და 89.52-ს მიაღწია. ეს 4 თებერვლის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.