შეჩერებული მშენებლობები თბილისში - ტექნიკური რეგლამენტის გამო „სვეტმა“ რამდენიმე მშენებარე პროექტი შეაჩერა

თბილისში კომპანია „სვეტის“ რამდენიმე შენობა-ნაგებობის მშენებლობა დროებით შეჩერებულია. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანიის ცნობით, ამის მიზეზი მთავრობის 41-ე დადგენილებაში შეტანილი ცვლილებაა, რომლის მიხედვითაც დადგენილების ტექნიკური მოთხოვნების გავრცელება წარსულ პერიოდში შეთანხმებულ განაშენიანების რეგულირების გეგმებსა და არქიტექტურულ გეგმარებით დავალებებზეც მოხდა.

ამასთან, როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მერიასა და საკრებულოსთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს რის საფუძველზეც რიგი შეთანხმებების მიღწევა უნდა მოხდეს, რათა შეჩერებულ კორპუსებზე სამშენებლო სამუშაოები უმოკლეს ვადებში გაგრძელდეს.

„სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო დაწყებისა და გაგრძელების ვადები პროექტების მიხედვით ასეთია: ჭყონდიდელის პროექტი: 3-10 ბლოკების ჩათვლით დღესაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და ტემპი დღითიდღე იქნება გაუმჯობესებული. ამ ბლოკებზე გრძელდება სამშენებლო სამუშაოები. 11-20 ბლოკების სამუშაოების გასაგრძელებლად საჭიროა დროულად დასრულდეს მოლაპარაკება მერიასთან და მოხდეს კონკრეტული პოზიციის შეჯერება. ამ პროცესის დასრულების და მშენებლობის განახლების საორიენტაციო ვადად განისაზღვრება 45-60 დღე. შესაბამისად სამუშაოების განახლებას ველოდებით აპრილის დასაწყისში. ამ პერიოდამდე 11-20 ბლოკის მობინადრეებს შეეძლებათ შეაჩერონ გადახდები კონკრეტულ შეთანხმებაზე ხელმოწერის გზით რისი გაცნობაც 23 თებერვლიდან ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. ეს იქნება საერთო დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს გრაფიკის დროებით შეჩერებას და საორიენტაციო ვადების განსაზღვრას. გადახდების განახლება მოხდება მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ. აზერბაიჯანული კომპანია ENES ARGUS-ი მზადაა ნებისმიერ დროს გააგრძელოს დაწყებული სამუშაოები ყველა პროექტში.

მირცხულავას პროექტი: 1-2-3-4 და 15-16 ბლოკი: გამომდინარე იქედან, რომ ამ ბლოკების არქიტექტურული პროექტები რამდენჯერმე იყო ატვირთული მერიის არქიტექტურის ვებ-გვერდზე, მოკლე ვადებში მოხდება პროექტის სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება. გონივრულ ვადად განისაღვრება მარტის შუა რიცხვები.

5-6-7-8-17-18 ბლოკების მენაშენეთა საყურადღებოდ კი გვინდა გაცნობოთ, რომ არქიტექტორები უკვე მუშაობენ პროექტების გადაკეთებაზე ახალი რეგულაციების გათვალისწინებით და თვის ბოლოს პროექტები ატვირთული იქნება მერიის არქიტექტურის საიტზე. სამუშაოების დაწყების ვადად კი განისაზღვრება მარტის ბოლო ისე როგორც ეს შეთანხმებული არის „ალდაგთან“.

ნუცუბიძის პროექტი: მე-2 ბლოკში აქტიურად მიმდინარეობს თეთრი კარკასის, კომუნიკაციებისა და ფასადის სამუშაოები. მე-3 ბლოკის სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების საორიენტაციო ვადად განხილულია 45-60 დღე.

რაზეც ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მერიასთან. სამშენებლო სამუშაოების გაგრძელებამდე მენაშენეებს გენერალურ შეთანხმებაზე შეეძლებათ ხელის მოწერა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი დროებითი შეჩერების მიზეზები და სამუშაოების განახლების საორიენტაციო ვადები.

სამშენებლო სამუშაოების განახლებამდე მე-3 ბლოკის მენაშენეეებს შეეძლებათ ყოველთვიური გადასახადების შეჩერება. მე-4 და მე-5 ბლოკებზე კი ასევე მიმდინარეობს პროექტების გადაკეთება ახალი რეგულაციების გათვალისწინებით და თვის ბოლოს პროექტები ატვირთული იქნება მერიის არქიტექტურის საიტზე. სამუშაოების დაწყების ვადად კი განისაზღვრება აპრილის დასაწყისი,“-ნათქვამია „სვეტის“ განცხადებაში.