"საპარტნიორო ფონდს“ 2,5 მილიარდი დოლარის საინვესტიციო პორტფელი გვაქვს, მასში ჩვენი ფონდის მონაწილეობა არის მხოლოდ დაახლოებით, 400 მლნ დოლარის ფარგლებში"

„საპარტნიორო ფონდს“ 2,5 მილიარდი დოლარის საინვესტიციო პორტფელი გვაქვს, მასში ჩვენი ფონდის მონაწილეობა არის მხოლოდ დაახლოებით, 400 მლნ დოლარის ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ დოლარზე 7-8 დოლარი მოზიდული ვალუტაა , - ამის შესახებ „საპარტნიორო ფონის“ თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც ფონდის მიერ 7 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

საგანელიძის თქმით, „საპარტნიორო ფონდის“ ძირითადი მიმართულებებია ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ინდუსტრია და ტურიზმი. „ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე პროექტი არის ისეთი, რომელიც ნაკლებად საინტერესოა ან ნაკლებად საყურადღებო. არის პროექტები, რომლებიც ერთ მილიარდზე მეტს მოიცავს. მაგალითად, „ნენსკრას პროექტი“, რომელიც 1,100 მილიარდს მოიცავს, მოცულობითი პროექტია, სადაც „საპარტნიორო ფონდი“ მხოლოდ 10%-ით მონაწილეობს. არის პროექტები, რომელთა საინვესტიციო ღირებულება 1-2 მლნ დოლარია და ესეც საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტებია. ჩემი აზრით, ყველაზე საამაყო და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ფონდის მიერ ჩადებულ თითოეულ ერთეულზე რამდენი ერთეული ვალუტა შემოდის. მარტივად რომ ვთქვა, თუ ფონდი დებს ერთ დოლარს, რამდენიმე დოლარი ინვესტიცია შეიძლება ამ ერთმა დოლარმა მოიზიდოს. გეტყვით, რომ დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის საინვესტიციო პორტფელი გვაქვს ჩვენ, ანუ ეს არის ჯამური მოცულობა იმ პროექტებისა, რომელსაც ჩვენ ახლა ვახორციელებთ და მასში საპარტნიორო ფონდის მონაწილეობა არის მხოლოდ დაახლოებით, 400 მლნ დოლარის ფარგლებში. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ დოლარზე 7-8 დოლარი მოზიდული ვალუტაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საგანელიძემ.

მისივე თქმით, „საპარტნიორო ფონდი“ თანხის ბიზნესში ინვესტიციიდან 3-5 წლის შემდეგ ბიზნესიდან გამოდიან და გამოაქვთ ის თანხა, რაც დასაწყისში ჩადეს. ასევე, მასთან ერთად მასზე დარიცხული მოგების ნაწილი. ამით ბიზნესს მომსახურების პროცენტი ტვირთად არ აწვება.