ზეთის საწარმო, მარმარილოს საამქრო - რა პროექტების განხორციელებას გეგმავს „საპარტნიორო ფონდი“

„საპარტნიორო ფონდში“ 18-მდე პროექტი მუშავდება, რომლითაც რეგიონებში სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიული მიმართულების განვითარება მოხდება , - ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც ფონდის მიერ 7 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ფონდში შექმნეს სტრუქტურა, რომელიც საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული და ეს ადამიანები თავად ქმნიან ბიზნეს გეგმებს.

„ჩვენ ძალიან მალე გამოვიტანთ ამ ე.წ. თაროს, სადაც ბიზნესპროექტები იქნება ჩალაგებული ქართველი და უცხოელი ინვესტორებისთვის და ვიტყვით, რომ აი ბიზნესი, სადაც თანხის 49% ჩვენ ვდებთ. ვის გაქვთ ბიზნესში შემოსვლის სურვილი და უკეთესი პირობა – აიღოთ 51% და დაიწყოთ ეს ბიზნესი. ეს მოგვცემს საშუალებას, ისეთ რეგიონებში, სადაც დღეს ფაქტიურად ბიზნესი მინავლებულია და თანხები არ შედის (ამის გამო ასეთი რაიონებიდან მიგრაცია ხდება, განსაკუთრებით მაღალმთაში და ასე შემდეგ), იქ წარმოება გავაცოცხლოთ. დავასაქმოთ ხალხი და გავაკეთოთ მოსახლეობის უკუდინება, გავაცოცხლოთ სოფელი თუ მთა. ასე, რომ ამ მიმართულებით ჩვენ სერიოზული სამუშაოები გავაკეთეთ. 18-მდე ასეთი პროექტი დამუშვების სტადიაშია და ნელ-ნელა ამ პროექტებს გამოვამზეურებთ“, - განაცხადა საგანელიძემ.

მისივე თქმით, ეს პროექტები ძირითადად ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას და ინვესტირებას ითვალისწინებს. ასეთ პროექტებად საგანელიძემ ხორბლის საბოლოო გადამუშავების პროექტი დაასახელა. კერძოდ, მისივე განცხადებით, ხორბლიდან საბოლოო პროდუქტის მიღება საქართველოში არ ხდება. რამდენიმე თვეში ფონდი ასევე გეგმავს გაიხსნას ზეთის წარმოების საწარმო. მოხდეს მარმარილოს დამუშვება და ამ მიზნით საამქროს გახსნა; ასევე მუშვდება ზღვისა და მტკნარ წყალზე თევზის გაშენების პროექტები და სხვა.

„საქართველოში 56 ჯიშის ქართული ღორი მოვძებნეთ. რაიონებში დავდიოდით და სურათებს ვუღებდით, შემდეგ გენეტიკური ანალიზი კეთდებოდა. 56-დან საბოლოოდ 11 თუ 12 შეირჩა, საიდანაც საბოლოოდ ჩვენ დავიწყებთ სუფთა ქართული ჯიშის ღორების მომრავლებას, რომელიც თავისი მაჩვენებლებით ცნობილ ესპანურ „იბერიკოს“ უტოლდება. ალბათ, უსწრებს კიდეც, რადგან ჩვენი ესპანელი კოლეგები მთლად არ ამბობენ. აღფრთოვანებული არიან იმ შედეგით, რაც მიღებულია. ამ მიზნით ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმო რაჭაში აშენდება, რომელსაც გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულში გავხსნით. რაჭული ლორისა თუ ხამონის წარმოება იქნება. შემდგომ ეტაპზე ანალოგიური წარმოება 11 რეგიონში გაკეთდება“, - დასძინა პროექტებზე საუბრისას საგანელიძემ.