სამშენებლო სფეროში დარღვევების გამოვლენის ფაქტები გახშირდა.
აღმოჩნდა, რომ უმსხვილესი დეველოპერებიც კი უნებართვოდ აგებენ საცხოვრებელ სახლებს. როგორც ასეთი „რეზონანსი" წერს, ასეთ დროს მშენებლობის პროცესი გაურკვეველი ვადით ჩერდება. რა ეშველებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამგვარ "უკანონო შენობებში" უკვე ფართი აქვთ შეძენილი და საცხოვრებელი კორპუსების დასრულებას ელოდებიან?
პრობლემა უკვე გამოვლინდა მსხვილ სამშენებლო კომპანიებში, სადაც რამდენიმე პროექტი შეაჩერეს კიდეც. არ არის გეამორიცხული, შედარებით მცირე კომპანიებსა და ამხანაგობებს გაცილებით მეტი პრობლემა ჰქონდეთ.
მაგალითად, სამშენებლო კომპანია "სვეტი" დიდუბეში საცხოვრებელ კომპლექსს მშენებლობის ნებართვის გარეშე აშენებდა, რის გამოც მშენებლობა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეაჩერა. კომპანიის კიდევ ერთ ობიექტზე მშენებლობის შეჩერების მიზეზი დარღვეული პროექტი გახდა. ამჟამად "სვეტის" მომხმარებლები, რომელთაც მშენებარე ბინებში ფული აქვთ გადახდილი, ადმინისტრაციას ედავებიან.
მირცხულავას ქუჩაზე მშენებარე ობიექტის გაყიდვების მენეჯერი ადასტურებს, რომ კომპანიას პრობლემები აქვს, თუმცა მშენებლობის ნებართვის გარეშე დაწყებაში პრობლემას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ საჭირო ნებართვას მოგვიანებით აიღებენ, რის შემდეგაც კორპუსის შენება კვლავ გაგრძელდება.
"ბიემ"-ის ინფორაციით, სამშენებლო კომპანია "სვეტი" თბილისში რამდენიმე პროექტს ახორციელებს: ნაძალადევში, ჭყონდიდელის ქუჩაზე კორპუსი - "სვეტი ქალაქი - 1" (1 200-ბინიანი კომპლექსი); დიდუბეში, წერეთლის გამზირზე 17-სართულიანი "წერეთლის კოშკი"; მირცხულავას ქუჩაზე 15 სართულიანი კომპლექსი; "სვეტი ქალაქი-3" ნუცუბიძესა და "სვეტი ისანი" კაიროს ქუჩაზე (პირველ შემთხვევაში კომპლექსი 15-სართულიანია, მეორეში კი - 10-სართულიანი).
იმისათვის, რომ ქალაქში უკანონო მშენებლობების რიცხვი შემცირდეს, საჭიროა მშენებლობების ნებართვის გაცემის დროს მკაცრი კონტროლი. როგორც "რეზონანსს" მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილმა განუცხადა, აუცილებელია, მოსახლეობაც, თავის მხრივ, დაფიქრდეს, სანამ ბინას შეიძენს, გადაამოწმოს, რამდენად სანდოა ესა თუ ის კომპანია.
"ნებისმიერ შემთხვევაში, რა დარღვევაც გამოვლინდება, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა იმოქმედონ კანონით. მესმის, რომ მოსახლეობის მდგომარეობაც გასათვალისწინებელია, მაგრამ ისინი უკანონო სახლებში ცხოვრობენ ან შეაქვთ შენატანი. უნდა დაფიქრდნენ, რომ ასეთ კორპუსებში ან სხვა ტიპის მშენებლობებზე არ დააბანდონ ფული. მოითხოვონ ხელშეკრულება, ნახონ, რამდენად კანონიერია, გადაამოწმონ მრავალჯერ, რადგან მცირე თანხაზე არ არის საუბარი, რასაც ისინი ბინის ყიდვის დროს იხდიან. ყოველივე ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. თუ ამას თავის დროზე არ გააკეთებენ, კანონი თავისას იტყვის.
თუ მოხმმარებლებმა მაინც დაუშვეს შეცდომა, მაშინ მოსახლეობამ პასუხი უნდა მოსთხოვოს თავად მშენებელს, ვისგანაც იყიდა ფართი და არა - სახელმწიფოს. თუ გვინდა, რომ მოწესრიგდეს მშენებლობა, საჭიროა საკმაოდ მკაცრი ზომების გატარება. ყველა რომ კმაყოფილი დარჩეს, ასეთი რამ არ არსებობს", - განუცხადა "რეზონანსს" როსტომაშვილმა.
უნებართვო მშენებლობებსა და კონკრეტულად კომპანია "სვეტის" დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას სამართლის დოქტორი უჩა ზაქაშვილი. მისი აზრით, თუ ასეთი სერიოზული კომპანია უნებართვოდ მშენებლობას ეწეოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქის წინა ხელმძღვანელობის დროს შეგნებულად ხდებოდა თვალის დახუჭვა ამგვარ ფაქტებზე. რაც შეეხება მოსახლეობას, საჭიროა მათი დროული რეაგირება.
"სამშენებლო კომპანია "სვეტი" ბევრგან აწარმოებს მშენებლობას, მათ შორის რამდენიმე ობიექტთან გვქონია შეხება და ვიცი, რომ ნამდვილად არ ჰქონდათ ნებართვა, თანაც ჩაბარების ვადაც არაერთგზის გადაცილებული ჰქონდათ. როცა ასეთი სერიოზული კომპანია უნებართვო საქმიანობას ეწეოდა, ეს ნიშნავს, რომ დედაქალაქის წინა ხელმძღვანელობის დროს შეგნებულად ხდებოდა თვალის დახუჭვა ამგვარ ფაქტებზე.
როგორ შეიძლება, 7, 8 და 10-სართულიანი უნებართვო მშენებლობა ერთ დღეს აღმოაჩინო ქალაქში? ცხადია, ასეთი მშენებლობა ბოლო 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის ფაქტი, რომ ახლა მაინც აღმოიფხვრეს მსგავსი დარღვევა, მისასალმებელია.
რაც შეეხება მოსახლეობას, ახლავე უნდა გამოხატონ პროტესტი, სანამ "ცენტრ პოინტს" დაემსგავსა ეს კომპანია. არის მოლოდინი, რომ შეიძლება, რაღაც გამოსწორდეს, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, ბოლო დროს ამ მიმართულებით არაფერი სასიკეთო არ მომხდარა ჩვენს ქვეყანაში", -განუცხადა "რეზონანსს" ზაქაშვილმა.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"