მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს დროში ყველამ გაიგოს ეს ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომელსაც საგადასახადო ცვლილებები იძლევა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობის წინა სხდომაზე დაანონსებული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უკვე წარმოდგენილია.
„მოგახსენებათ, რომ ჩვენ ვიწყებთ ერთ-ერთ მასშტაბურ რეფორმას და ძალიან კარგი ინიციატივაა ფინანსთა მინისტრის. 120 000-ზე მეტ მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება ეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. საუბარია განაკვეთის 5-ჯერ შემცირებაზე - 5%-დან 1%-მდე და მოიცავს 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიებს. ძალიან მასშტაბური ცვლილებებია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საგადასახადო ლიბერალიზაცია. მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველი ეტაპი, რომელიც ჩვენ მოგების გადასახადის გაუქმებით განვახორციელეთ, ძირითადად შეეხო საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, ხოლო კონკრეტულად ეს ცვლილებები ეხება წვრილ მეწარმეებს და ეს არის პირდაპირ დაკავშირებული მათ სოციალურ მდგომარეობასთან. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთება წავახალისოთ, განსაკუთარებით, ამ ნიშაში, რათა ჩვენი მოსახლეობის ფართო მასებმა იგრძნონ საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახზე ეს ცვლილებები. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ცვლილებებს ძალიან დიდი პოზიტივი მოჰყვა ამ ცვლილებებს პირველ ეტაპზე და მინდა გთხოვოთ, რომ მთელ ქვეყანაში მაქსიმალურად ყველამდე მივიტანოთ ეს ცვლილებები, ეს სიკეთე, რომელსაც ახლა ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს მოსახლეობას. ფინანსთა სამინისტროს უკვე დაგეგმილი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირე მეწარმეებთან შეხვედრები და ძალიან კარგია, რომ ყველამ გაიგოს ეს შესაძლებლობა და უდიდესი შეღავათი, რომელიც ამ ცვლილებებით არის გათვალისწინებული.
ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ცვლილებებს ახლავს კიდევ სხვა ადმინისტრაციული ტიპის შემსუბუქება და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც აიოლებს მეწარმეების ურთიერთობას საგადასახადო ინსტიტუტებთან, შემოსავლების სამსახურთან. მეწარმემ უნდა დახარჯოს საკუთარი დროის ძალიან პატარა მონაკვეთი შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობაზე და სწორედ ასეთი ცვლილებებია ჩადებული და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.
დეტალებზე უკვე ფინანსთა მინისტრს ექნება საუბარი მცირე მეწარმეებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს დროში ყველამ გაიგოს ეს ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომელსაც საგადასახადო ცვლილებები იძლევა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.