Worknet-ის ბაზაში მყოფი 60 000 სოციალურად დაუცველიდან 2017 წელს გადამზადების კურსი 600-მა ადამიანმა გაიარა, საიდანაც დაახლოებით 7% უკვე დასაქმდა,
- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარატამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა განუცხადა.
სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირების ვალდებულება გასული წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდა. კერძოდ, სიღარიბის ზღვარის დაძლევის პოლიტიკიდან გამომდინარე, მთავრობის პირველი ივნისის დადგენილებით, სოციალურად დაუცველი, ჯანმრთელი ადამიანი, რომელიც შრომისუნარიანია, სავალდებულოა, რომ www.worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირდეს.
თავდაპირველად, როდესაც პროგრამა ამოქმედდა, სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებდნენ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც უარს განაცხადებდნენ მუშაობაზე, სოციალური დახმარება შეუწყდებოდათ. თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა და დახმარების შეწყვეტა სამომავლოდ გადაიდო.
„ჯერჯერობით არ ხდება იმის განხილვა, რომ ადამიანი, რომელიც ჯან-ღონით სავსეა და ყველაფერზე უარს გვეუბნება, არც დასაქმება უნდა, არც შემოთავაზებული ვაკანსია მოსწონს, მომენტალურად ქულები მოეხსნას და შემწეობა დაეკარგოს. თუმცა ერთ-ორ წელიწადში ამ ადამიანებისთვის სოციალურად დაუცველის სტატუსისთვის საჭირო ქულების მინიჭების საკითხი ალბათ, გადაიხედება. ეს არ ეხება მთლიანად ოჯახს, ეს შეეხება კონკრეტულ ადამიანებს, რომლესაც მუშაობა შეუძლიათ და უარს აცხადებენ. ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ თავისი უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, კვალიფიციურად დასაქმდნენ. ამჟამად ჰუმანური პოლიტიკა გვაქვს, რის გამოც საკითხის გადახედვა ჯერ არ მოხდება“, - აღნიშნავს ბეზარაშვილი.
მისი თქმით, ასევე სამომავლოდ აუცილებლად გადასახედია ის საკითხიც, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანს, რომელიც დასაქმდება და კარგი შემოსავალი ექნება, შემწეობა აღარ მიეცეს.
„თუ თავს ვდებთ იმაზე, რომ ევროპელები ვართ, მაშინ ჩვენც ევროპის ქვეყნებივით უნდა ვიმოქმედოთ. ყველა განვითარებად ქვეყანაში არის ვადა, სადამდეც აძლევენ ადამიანებს დახმარებას. თუმცა, როცა მას ექნება შესაძლებლობა და შემოსავალი, სოციალურად დაუცველის ბაზაში აღარ უნდა იყოს. ჯერჯერობით, ვინც ჩვენი პროგრამის საშუალებით დასაქმდნენ, მათ ქულები არ ეხსნებათ, თუმცა ამ საკითხსაც გადახედვა სჭირდება. ერთდროულად, ხელფასიც ჰქონდეს და შემწეობაც, ალბათ, ასე არ იქნება. სიღარიბის ზღვარის დაძლევის პოლიტიკიდან გამომდინარე, აუცილებად მივალთ იქამდე, რომ საკითხი გადაიხედოს. სახელმწიფომ ზედმეტად არცერთი თეთრი არ უნდა დაკარგოს“, - აცხადებს მარი ბეზარაშვილი.
რაც შეეხება Worknet-ზე სამუშაოს მაძიებელ სოციალურად დაუცველთა ბაზას, მისი ინფორმაციით, უკვე 60 000 ადამიანია რეგისტრირებული.
„ჩვენს ბაზაში უკვე 140 000 ადამიანია დარეგისტრირებული, საიდანაც 60 000 სოციალურად დაუცველია. აქედან 23 000-ზე მეტი შემწეობის მიმღებია, დანარჩენი კი მოლოდინის რეჟიმშია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელს 600 სოციალურად დაუცველი ადამიანი ჩაერთო მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს სურვილი გაუჩნდათ, კვალიფიკაცია აიმაღლონ და დასაქმებისთვის გამოცდილება მიიღონ. წინასწარი მონაცემებით, ამ 600 ადამიანიდან 7%-ზე მეტი უკვე დასაქმებულია.
თუმცა მონიტორინგი გრძელდება. დამსაქმებელს შეუძლია, 3-დან 6 თვემდე მოგვაწოდოს ინფორმაცია, რომ ადამიანი დაასაქმეს. მაგრამ ამის ვალდებულება არ აქვთ და ყველა დამსაქმებელი არ გვატყობინებს. ამიტომ სრული ინფორმაცია არ გვაქვს. შარშან 2000 ადამიანზე მეტი დასაქმდა. მათ შორის 103 შშმ პირი. შეიძლება ბევრად მეტი გვყავს დასაქმებული, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს“, - აღნიშნავს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარატამენტის უფროსი.რაც შეეხება ყველაზე მეტად მოთხოვნად სფეროებს, რომლებში დასაქმების შესაძლებლობაც worknet-ზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველებს აქვთ, მარი ბეზარაშვილის თქმით, ყველაზე მეტად დამსაქმებლები კადრებს გაყიდვების სფეროში ეძებენ.
„დამსაქმებლებისგან ძალიან დიდი მოთხოვნაა გაყიდვების მიმართულებით. უმეტესად ვაკანსიები არის კონსულტანტის, ბუღალტერის, აიტი სპეციალისტის, ოფის მენეჯერის პოზიციაზე. ასევე დიდი მოთხოვნაა სასტუმრო საქმის წარმოების და სამშენებლო კომპანიების სფეროებში. ძალიან ხშირად გვაქვს საკმაოდ მაღალკვალიფიციური ვაკანსიები. თუმცა ასევე ხშირად გვაქვს დისბალანსი მოთხოვნა-მიწოდებას შორის. არის შემთხვევები, როდესაც საკმაოდ კარგ პოზიციას გვთავაზობენ დამსაქმებლები და შესაბამისი კადრი არ გვყავს. დაბალკონკურენტუნარიანი ადამიანები მომზადება-გადამზადება-სტაჟირებას გადიან და მათ დასაქმების შანსს ვუმაღლებთ. საშუალო ხელფასები 500 ლარიდან იწყება, თუმცა აქვთ შანსი, რომ დღის წესრიგიდან გამომდინარე, დაიმატონ შეთავსებითი სამსახური“, - აცხადებს მარი ბეზარაშვილი.
მისივე განმარტებით, საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სიზარმაცის გამო, ურჩევნიათ სოციალურად დაუცველისთვის განკუთვნილი შემწეობა მიიღონ, ვიდრე კვალიფიკაცია აიმაღლონ და დასაქმდნენ.
თეონა კენჭიაშვილი