იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი დეკემბერთან შედარებით 1,6%-ით გაიზარდა

წინა თვეში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი დეკემბერთან შედარებით 1,6%-ით, ხოლო 2017 წლის იანვართან შედარებით 8%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

2018 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით ფასები 14,3 პროცენტით გაიზარდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფზე, რამაც მთლიანი ინდექსის ფორმირებაში 1,83 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე ფასების 1,6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 0,11 პროცენტული პუნქტით აისახა.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 0,5%-ით შემცირდა ფასები გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც ინდექსის მთლიან მაჩვენებელში -0,37 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასების კლება დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (-0,7 პროცენტი).

12 თვიან პერიოდში კი „საქსტატის“ ცნობით, ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები 6,9%-ით გაიზარდა და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 5,59 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (6,7 პროცენტი), აგრეთვე ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (12,3 პროცენტი);

ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 14,0 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 1,91 პროცენტული პუნქტით აისახა;

სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები 9,4 პროცენტით გაიზარდა, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე აისახა 0,48 პროცენტული პუნქტით.