ქართული წარმოების დაფასოებულ თათარაზე უცხოეთში მოთხოვნა იზრდება. სწორედ ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ კომპანია „გრეიფმა“ წილი გაასხვისოს, საიდანაც მიღებული თანხით წარმოების გაფართოება მოხდება.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი დავით რამაზაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარატვს, დღეისათვის „გრეიფი“ მოთხოვნა-მიწოდებას ვერ აბალანსებს.
„პროდუქციას იმ რაოდენობით ვერ ვაწარმოებთ, რასაც საექსპორტო ბაზრები ითხოვს. სწორედ ამის გამო, კომპანიამ რამდენიმე თვის წინ 50%-იანი წილის გასხვისება გადაწყვიტა. საუბარი იყო ებრაულ-გერმანულ ინვესტიციაზე, თუმცა ეს თემა დაიხურა. ახლა ორ ქართულ კომპანიას შორის მოლაპარაკებას ვმართავთ, თუმცა გადაწყვეტილებას ჯერ მიღებული არ გვაქვს. საექსპორტო მიმართულებები ვითარდება. დადებითი გამოხმაურებები გვაქვს ევროპიდან და ამდენად, გვირჩევნია, რომ ჩვენ თვითონ ვმართოთ მთლიანი კომპანია. უნდა ავარჩიოთ, საფეხურებრივად განვვითარდეთ, თუ წილი გავასხვისოთ.
თავის დროზე წილის გასხვისება გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ რუსეთისა და უკრაინის ბაზრიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნები გვაქონდა და გვაქვს, მაგრამ პროდუქციის სიმცირის გამო, მიწოდების საშუალება არ გვაქვს. ამიტომ სწრაფი ზრდის გადაწყვეტილება მივიღეთ. თუ მიწოდება მოთხოვნას ვერ დააბალანსებს, სწრაფი გაფართოების გადაწყვეტილებას მივიღებთ, ანუ წილს გავასხვისებთ. გადაწყვეტილებას ორ-სამ თვეში მივიღებთ“, - აღნიშნავს რამაზაშვილი. რაც შეეხება ექსპორტს, კომპანია „გრეიფის“ დამფუძნებლის თქმით, ევროპის ქვეყნებიდან პროდუქციაზე მოთხოვნა თანდათან იზრდება. რეგულარულ საექსპორტო ბაზრებს კი, შესაძლოა, ახალი ბაზრებიც დაემატოს.
„ჩვენი პროდუქცია რეგულარულად გადის დიდ ბრიტანეთში, ავსტრიასა და გერმანიაში. საცდელმა პარტიებმა კარგი შედეგები მოგვცა და მას შემდეგ აღნიშნულ ქვეყნებში პროდუქციას მუდმივად ვგზავნით. საცდელი პარტიები გავგზავნეთ ბალტიის ქვეყნებშიც, თუმცა მანდ ტრანსპორტირება ცოტა გვიჭირს. ასევე, საცდელი პარტიის გაგზავნას ვაპირებთ პოლონეთში“, - აცხადებს დავით რამაზაშვილი.
მისივე თქმით, კომპანია აწარმოებს თანამედროვე ფორმის ჩურჩხელას, ანუ თათარა სპეციალურ ყალიბებში ჩამოსხმული და სხვადასხვა ფორმები აქვს მიცემული. მაგალითად, კაკლის ნაჭუჭის ფორმა და შიგნით კაკალი დევს, ნუშის ფორმის ფელამუშში ნუში დევს და ა.შ.
„სულ ხუთი სხვადასხვა სახეობა გვაქვს, სხვადასხვა შეფუთვებით. გვაქვს ასორტის სახით და ცალ-ცალკეც. ექსპორტზე ყველა სახის გადის, ყველაზე მეტად კი ფელამუში კაკლით და ნუშით მოსწონთ. ჩვენი პროდუქციის ნახევარი ექსპორტზე გაგვაქვს და მიმდინე წელს, მოლოდინი გვაქვს, რომ ექსპორტზე უფრო მეტი გავა. ჯერჯერობით ექსპორტის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ვმუშაობთ“, - აცხადებს რამაზაშვილი.
ქართული წარმოების თათარა ბაზარზე 2016 წლის აპრილიდან გამოჩნდა. აქტიური გაყიდვები კი ამავე წლის ივნისიდან დაიწყო.
თეონა კენჭიაშვილი