კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის - პედაგოგის, ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის ხელფასი უნდა გაიზარდოს , - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პედაგოგები მხოლოდ წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
„წამყვანმა და მენტორმა მასწავლებლებმა მიაღწიეს ამ დონეს, მათ შეასრულეს საკმაოდ დიდი სამუშაო და ხდება მათი წახალისება. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ყველას აქვს შანსი, რომ გახდეს წამყვანი და შემდგომ მენტორი მასწავლებელი. ასე რომ, ხელფასების მატება პირდაპირ შეეხო ამჟამად წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, მაგრამ გვინდა, რომ წავახალისოთ მასწავლებელი, რათა გადავიდეს შემდგომ საფეხურზე, რომ მან აიმაღლოს კვალიფიკაცია, შესაბამისად, ეს მათთვისაც არის სტიმული, რომ მიაღწიონ ამ საფეხურს. მინდა გითხრათ, რომ ზოგადად, მასწავლებლის ანაზღაურების საკითხი ძალიან სერიოზული თემაა და ჩემი პირადი აზრია, რომ უკლებლივ ყველა მასწავლებლის ხელფასი უნდა იყოს უფრო მაღალი და ამ მიმართულებით ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ მივაღწიოთ ამ მიზანს საკმაოდ მოკლე ვადებში, რომ ყველა მასწავლებლის ხელფასი გაიზრდოს“, - განაცხადა ჩხენკელმა.
მისივე თქმით, ტექნიკურ პერსონალს სკოლაში საკმაოდ მძიმე სამუშაო აქვს.
„საკმოდ რთულია როგორც პედაგოგის, ასევე ტექნიკური პერსონალის მოღვაწეობა სკოლაში, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის - პედაგოგის, ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის ხელფასებმა უნდა მოიმატონ“, - განაცხადა ჩხენკელმა.