ფინანსთა მინისტრი „ომეგა ჯგუფის“ საკითხს ტექნიკურ საგადასახადო თემად აფასებს და საგადასახადო ინსტრუმენტების გამოყენებით, ნებისმიერ ზეწოლას გამორიცხავს

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე „ომეგა ჯგუფის“ საკითხს ტექნიკურ საგადასახადო თემად აფასებს და ნებისმიერ ზეწოლას, საგადასახადო ინსტრუმენტების გამოყენებით, გამორიცხავს.

რაც შეეხება იმას, რომ „ომეგა ჯგუფის“ პრობლემებმა, შესაძლოა, ტელეკომპანია „იბერიის“ მაუწყებლობას შეუშალოს ხელი, რომლის მთავარი დამფინანსებელიცაა, მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ თავისუფალი მედია დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია.

„თითოეული ქართული საწარმო არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა ყველას შევახსენო, რომ ზოგადად სააქციზო საქონელი და ამ შემთხვევაში თამბაქო არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ჩვენი ბიუჯეტისთვის. მე პირადად ეს ძალიან ტექნიკური თემა მგონია. თამბაქოს მწარმოებელი ორგანიზაციის ურთიერთობა სახელმწიფოსთან - ეს არის ძალიან მარტივი საგადასახადო მომენტი. რაც შეეხება თავისუფალ მედიას, მე ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრმა ძალიან დეტალური განმარტება გააკეთა. თავისუფალი მედია არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ მედიის რაოდენობა ამ ქვეყანაში არის ძალიან კარგი და შეესაბამება იმ ევროპულ ორიენტირებს, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის, მაგრამ საგადასახადო საკითხი თამბაქოს მწარმოებელ ორგანიზაციასთან არის ტექნიკური საგადასახადო თემა და გამოვრციხავ ნებისმიერი ტიპის ზეწოლას ნებისმიერი ტიპის საგადასახადო ინსტრუმენტების გამოყენებით. ბიზნესის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა, საგადასახადო ორგანოებთან თანამშრომლბა არის ტრანსფარენტული, თამაში წესები არის საერთო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

„ომეგა ჯგუფ თამბაქოს“ ინფორმაციით, ტელეკომპანია „იბერიას“ შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას. საუბარია ბოლო პერიოდში „ომეგა ჯგუფისთვის“ მიყენებულ 100 მილიონიან ზარალზე, რომელმაც, კომპანიის მფლობელების თქმით, შესაძლოა, პრობლემა ტელევიზიასაც შეუქმნას.