კალიფორნიული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს ყველაზე პოპულარული მოდელი Model S არა მხოლოდ ამერიკის, არამედ ევროპის ბაზარზეც გასულ წელს ლიდერი იყო საკუთარ კლასში.
გაყიდვების რაოდენობით აჯობა მის გერმანელ ბენზინის-ძრავიან საქვეყნოდ ცნობილ მოდელებს. გასულ წელს ევროპულ ბაზარზე ასევე წარმატებული იყო კომპანიის მეორე მოდელი და ერთადერთი კროსოვერი Model X.
JATO Dynamics-ის ოფიციალური ინფორმაციით, Tesla Model S-ის გაყიდვები გასულ წელს ევროპის მასშტაბით 30%-ით გაიზარდა და 16,132 ერთეული შეადგინა. მაშინ, როცა Mercedes S class-ის გაყიდვები, რომელიც ტრადიციულად ამ სეგმენტის უპირობო ლიდერია, მხოლოდ 3%-ით გაიზარდა და 13,359 ერთეული შეადგინა, კიდევ ერთი მოდელის BMW 7 series გაყიდვები კი 13%-ით შემცირდა 11,735 ერთეულამდე.
რა თქმა უნდა, ეს კომპანიები საერთო გაყიდვებში Tesla-ს ბევრად აღემატებიან, თუმცა კონკრეტული მოდელების შედარებისას გასულ წელს ასეთი სურათი მივიღეთ. ასევე ისიც უნდა გავითვალსიწინოთ, რომ ზოგიერთი ავტო-ექსპერტი ამ სამ მოდელს ერთად არ აყენებს, იმიტომ, რომ „გერმანელების“ ზომები „ამერიკულისგან“ განსხვავებით უფრო დიდია, თუმცა საფასო სეგმენტში ისინი დაახლოებით ერთ კატეგორიაში არიან.
2017 წელი ასევე პირველი სრული წელი იყო ევროპაში გაყიდვების მიხედვით Model X-ისთვის, რომლის გაყიდვებმა ევროპაში 12,000 შეადგინა, რაც დაახლოებით იგივეა, რაც ბენზინის ძრავიანი Porsche Cayenne-ის გაყიდვები და 2 ათასით მეტი, ვიდრე BMW X6.
რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, Tesla-სთვის ყველაზე მსხვილი ბაზარი ევროპაში ნორვეგიაზე მოდის, სადაც ელექტრომობილების წილმა საერთო ბაზარზე უკვე 52% შეადგინა, მათ შორის ყველაზე წარმატებული სწორედ Tesla იყო.
კოკა კვირკველია