საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტას გამოუშვებს.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, მონეტის დიზაინის ესკიზის შესარჩევად სებ-მა კონკურსი უკვე გამოაცხადა. მონეტა 2019 წლისთვის მოიჭრება, საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტი) 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
„1919 წლის მოწვევის დამფუძნებელი კრება იყო პირველი ქართული პარლამენტი, რომელიც შეიქმნა საქართველოს ისტორიაში პირველი მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შედეგად. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, ამ თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტა გამოუშვას“, - აცხდებენ ბანკში.
უკვე ცნობილია, რომ მონეტა ვერცხლისგან მოიჭრება. 5 ლარის ნომინალით, დიამეტრით - 33 მმ ( წიბო (გურტი) - გლუვი; ხარისხი - პრუფი).
დიზაინი უნდა შეიცავდეს სავალდებულო ელემენტებს: ვალუტის დასახელებას ქართულ ენაზე და ნომინალურ ღირებულებას ციფრებით - „5 ლარი“; ასევე ემიტენტი ქვეყნის დასახელებას ქართულ და ინგლისურ ენებზე - „საქართველო“, „Georgia”; გამოშვების წელს - „2019” და ლარის სიმბოლოს.
საკონკურსო მასალების მიღება იწარმოებს ყოველ სამუშაო დღეს 2018 წლის 21 თებერვლიდან, 2018 წლის 23 მარტის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი 0114, სანაპიროს ქ. #2.