"სოციალური ქსელების საშუალებით, ჩვენ ბიზნესისგან ვიღებთ უკუკავშირს, თუ როგორ შეიძლება გახდეს ბიზნესგარემო უფრო კონკურენტული"

სოციალური ქსელების საშუალებით, ჩვენ ბიზნესისგან ვიღებთ უკუკავშირს, თუ როგორ შეიძლება გახდეს ბიზნესგარემო უფრო კონკურენტული , - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სოციალურ ქსელებში მის პირად გვერდზე განხორციელებული აქტივობების შესახებ დასმულ შეკითხვას. მამუკა ბახტაძის თქმით, სოციალური ქსელის საშუალებით მეწარმეებისგან მიიღო მნიშვნელოვანი წინადადებები და რეკომენდაციები.

„სოციალურ ქსელში ფინანსთა მინისტრის პირადი გვერდი შექმნილია ჩემი ინიციატივით და მას პირადად ვმართავ. ვფიქრობ, აღნიშნული პლატფორმის გამოყენება ჩემი, როგორც საჯარო პირის არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაცაა. მსურს ყველას შევახსენო, რომ იმ საგადასახადო ინიციატივებში, რაც ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას და მომავალში წარვუდგენთ, მნიშვნელოვანი წინადადებები და რეკომენდაციები, სწორედ სოციალურ ქსელის მეშვეობით მივიღეთ მეწარმეებისგან, ჩვენი ამომრჩევლებისგან. უკუკავშირი ჩვენს მეწარმეებთან, ბიზნესთან, რომლებთაც აქვთ ინიციატივა თუ როგორ შეიძლება გახდეს ბიზნესგარემო უფრო კონკურენტული ქვეყანაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ამ უკუკავშირისთვის ჩვენ ვიყენებთ ყველა სოციალურ პლატფორმას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.