ქართულ ლიმონზე, კივიზე, ყურძენზე, ჩირსა და სხვა პროდუქციაზე თურქეთში დაწესებული კვოტები გაუქმდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის არსებული შეთანხმების გაფართოებაზე შეთანხმდნენ.
ქართულ და თურქულ მხარეს შორის მოლაპარაკების საბოლოო რაუნდი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა, სადაც ორი ქვეყნის დელეგაციის შეხვედრა შედგა. ქართულ დელეგაციას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა, თურქეთის დელეგაციას კი - ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ნიჰათ ზეიბექჩი.
უწყების ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში ქართულ ლიმონზე, კივიზე, ყურძენზე, ჩირზე, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებსა და წვენებზე, საკვებ ინგრედიენტებზე დაწესებული კვოტები გაუქმდა. გარდა ამისა, კვოტები გაიზარდა ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა თაფლი, რომელზეც თურქეთში მოთხოვნა საკმაოდ დიდია. კვოტები აგრეთვე გაიზარდა ცოცხალ ცხვარზე და თხაზე, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.
„მოლაპარაკების შედეგების შესაბამისად, ქართულ ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, 20 პროცენტით გაზარდოს ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოლაპარაკების დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი ვაჭრობა დაფარავს მომსახურებით ვაჭრობასაც, რომელზეც მოლაპარაკებები გაგრძელდება.
„დღეს საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან და ქართულ დელეგაციასთან ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოცულობითი განახლების საკითხი განვიხილეთ. შეხვედრა ძალზე პოზიტიური და ნაყოფიერი იყო. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ვაჭრობის სფეროში დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობდეს, სავაჭრო მოცულობა გაიზარდოს და ურთიერთობა უფრო გაღრმავდეს,“ - განაცხადა თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ.
დიმიტრი ქუმსიშვილისა და ნიჰათ ზეიბექჩიმ ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის მეთოდის დროული ამოქმედება, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, გაზარდოს ექსპორტის მოცულობა.