ვენესუელა მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც საკუთარი ციფრული ვალუტა, ელ პეტრო გამოუშვა. და ამ წამოწყებით დიდი ხეირიც ნახა. ამის შესახებ თვით ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა.
„მხოლოდ ერთ დღეში, 735 მილიონი დოლარის „ელ პეტრო“ გაიყიდა. დღეს იბადება კრიპტო ვალუტა, რომელიც სუპერმენთან ჭიდილსაც შეძლებს“, - კარაკასში გამოსვლისას განაცხადა მადურომ, ვინც სუპერმენში ამერიკული დოლარი იგულისხმა.
ვენესუელა ამჟამად ღრმა ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისშია. მისი ფინანსისტები იმედოვნებენ, რომ საკუთარი ციფრული ვალუტის მეშვეობით, ქვეყანა ეკონომიკის აღდგენას და გაჯანსაღებას შეძლებს.
ელ პეტროს ნომინალური ღირებულება 60 დოლარია. ამ ფასად მისი შეძენა 19 მარტამდე არის შესაძლებელი. ამის შემდგ, ფასს ბაზარზე მოთხოვნა განსაზღვრავს. სულ 100 მილიონი ელ პეტროს გამოშვება იგეგმება, რომელთა სრულად რეალიზაციის შემთხვევაშიც, ვალუტის სრული კაპიტალზაცია 6 მილიარდ ევროს მიაღწევს. ამით კი ის ციფრული ვალუტების მოწინავე ათეულში შევა.