სამშენებლო სფეროში რეგულირებისა და სანქციების გამკაცრება კორუფციის რისკებს აჩენს. ამის შესახებ მენაშენეთა ასოციაციის“წარმომადგენელმა, კომპანია „არსის“ ფინანსურმა მენეჯერმა თორნიკე აბულაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„აქამდე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმა 3 ათასი ლარი იყო, ცვლილებებით კი 30 ათას ლარამდე იზრდება. ფაქტია, რომ მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა ხდება და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო რეგულაციების გამკაცრება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ის აქსესუარები, რაც უსაფრთხოებისთვის არის საჭირო ძვირადღირებულია და ხარჯი ერთჯერადად დაახლოებით 30-50 ათასი ლარის ფარგლებშია. ეს საკმაოდ დიდი ხარჯია და ყველა მშენებელს 3 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა ერჩივნა. ეს ცვლილებები რა თქმა უნდა, გამართლებულია თუ საბოლოო ჯამში სასურველ შედეგს მოგვცემს, მაგრამ თეორიულად კორუფციის რისკი არსებობს,“ - აღნიშნა აბულაძემ.
თბილისში მშენებლობების წესთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის ინიციატორი თბილისის მერიაა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რომელიც კანონპროექტში შევა, სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის დროს დაწესებულ ჯარიმებს ეხება, რომელიც 3 000 ლარიდან 30 000 ლარამდე გაიზრდება. ამასთან, თუ ადრე ჯარიმის დაწერამდე, მშენებელს სიტყვიერი გაფრთხილება ეძლეოდა, ცვლილებების შემდეგ, დარღვევების აღმოჩენის პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა დაწესდება.