საქართველოს ფოსტის ახალი პროდუქტის, “მალეო”-ს მიმართ მოთხოვნა რეგიონებიდან საკმაოდ მაღალია

"საქართველოს ფოსტის ახალი პროდუქტის “მალეო”-ს მიმართ მოთხოვნა რეგიონებიდან უკვე საკმაოდ მაღალია",- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს ფოსტამ ორი კვირის წინ საზოგადოებას ახალი პროდუქტი „მალეო“ წარუდგინა და დღეისათვის საიტზე უკვე დარეგისტრირებულია 1 200-მდე მომხმარებელი. მათგან თითქმის 60% საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებია, მათ შორის ისეთი მაღალმთიანი რეგიონებიდან, როგორებიცაა მესტია, ქედა, ყაზბეგი და სხვ.

„ჩვენ ვამაყობთ პირველ ეტაპზე მიღწეული შედეგებით, ვინაიდან ამ პროდუქტის შექმნის ერთ-ერთი მიზანი სწორედ რეგიონებიდან მოსახლეობის ჩართულობა იყო. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ნდობისა და ინტერესისთვის. დღეს მივიღეთ პირველი ამანათები, რომელთა გატანასაც მომხმარებლები ხვალიდან შეძლებენ. „საქართველოს ფოსტა“ აფასებს თითოეული მომხმარებლის ნდობას და ჩვენ ყოველთვის გავამართლებთ მათ მოლოდინებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

„საქართველოს ფოსტის“ ახალი პროდუქტის „მალეო“-ს მეშვეობით, მომხმარებელს საშუალება აქვს ერთიანი პროდუქტის სახით მიიღოს სატერმინალო და საკურიერო მომსახურება საქართველოს ნებისმიერ წერტილში. „საქართველოს ფოსტის“ ახალი პროდუქტის მიზანი გახლავთ ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონის მცხოვრებს მიეცეს საშუალება ისარგებლოს ელექტრონული კომერციის შეთავაზებით და მიიღოს სრულყოფილი მომსახურება. ამისთვის შეიქმნა ქართული პორტალი maleo.ge, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ნებისმიერი ტერიტორიიდან შესაძლებელი გახდა მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად ამანათების გამოწერა.