ამერიკული კომპანია Apple კობალტის სამთომომპოვებელ კომპანიებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა შუამავლის გარეშე დაიწყოს ამ მეტალის შესყიდვები.
როგორც Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, კომპანია ამ გზით ცდილობს საკუთარი მარაგების შევსებას - ამ მნიშვნელოვან მეტალზე მისი ელემენტებისათვის. როგორც ცნობილია, კობალტზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია და ის შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში დეფიციტურიც გახდეს ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდის პირობებში.
Apple ამ დროისთვის კობალტის ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია, თუმცა აქამდე კობალტის შესყიდვას იმ კომპანიებს ანდობდა, რომლებიც მისთვის ელემენტებს აწარმოებდნენ.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, Apple-ს განზრახული აქვს კობალტის სამთომომპოვებელ კომპანიებთან ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ტონა მეტალის მიწოდებაზე ხუთი წლის განმავლობაში. მათივე ინფორმაციით, კომპანიამ პირდაპირი მოლაპარაკებები წელიწადზე მეტია დაიწყო, თუმცა ეს არ ხმაურდებოდა.
ცნობისათვის, დღეს მსოფლიო მასშტაბით მოპოვებული კობალტის 25% სმარტფონებისთვის გამოიყენება.
კოკა კვირკველია