„რეზონანსი" - ბანკები ლარის მერყეობით კოლოსალურ მოგებას იჯიბავენ

კომერციული ბანკების მოგება სხვადასხვა ოპერაციიდან ყოველწლიურად იზრდება.

მათი შემოსავალი დიდი სისწრაფით ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ხარჯზეც მატულობს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, კურსის მერყეობის პერიოდში მათი მოგება მუდმივად იზრდება. შარშან იანვარში სავალუტო ოპერაციებიდან მოგების მაჩვენებელი 17,866 მლნ ლარი იყო, წელს კი ერთბაშად 10 მლნ-ით გაიზარდა. სავარაუდოა, რომ სავალუტო ბაზარზე არსებულ არასტაბილურობას კომერციული ბანკები სათავისოდ იყენებენ და ხშირად ხელს უწყობენ კიდეც კურსის მერყეობას.

ბანკებმა ერთ თვეში ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 27,342 მილიონი ლარის მოგება მიიღეს. 2018 წლის იანვარში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ საკონვერსიო ოპერაციებიდან, ანუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან, მიღებული წმინდა მოგება-ზარალი 9,476 მილიონი ლარით გაიზარდა. წინა თვეში ბანკების მიერ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება-ზარალმა 27,342 მლნ ლარი შეადგინა მაშინ, როცა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 17,866 მილიონი იყო.

2017 წლის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა საკონვერსიო ოპერაციებიდან, ჯამში, 202,954 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. წელს ეს მაჩვენებელი, დიდი ალბათობით, 300 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

კურსის ნებისმიერი მერყეობა, თუნდაც მცირედი, კომერციულ ბანკებს დამატებითი მოგების შანსს უზრდის. საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ბანკების მოგება ვალუტის ყივა-გაყიდვით ნამდვილად იზრდება, თუმცა რთულია საუბარი, ისინი ხელოვნურად იწვევენ თუ არა რყევას. კომერციულმა ბანკებმა, შარშანდელთან შედარებით, მართლაც მეტი მოგება მიითვალეს, რაც განპირობებულია იმით, რომ ბაზარზე ბევრად მეტი ფულის კონვერტირება ხდება. გარდა ამისა, ბოლო თვეებში ეროვნული ვალუტა უფრო არასტაბილურია, ვიდრე შარშან, რაც ასევე კომერციული ბანკების დამატებითი შემოსავალია.

"კურსის ნებისმიერი მერყეობა, თუნდაც სულ უმნიშვნელო, (საუბარია მეასედებზე ან მეათასედებზე) ბანკებისთვის, რომლებიც მსხვილი თანხებით ვაჭრობენ, ყოველთვის მოგების მომტანია. ამიტომ ეროვნული ვალუტის ნებისმიერი რყევის დროს კომერციულ ბანკებს აქვთ დიდი მოგების მიღების შანსი. თქვენ თუ დააკვირდებით ლარის კურსს, მისი რყევა არ არის განპირობებული დოლარის საერთაშორისო ტენდენციით. ჩვენთან ძალიან სერიოზული გადახრა ხდება, რაც განპირობებულია კომერციული ბანკების აქტივობით ფულის გადარიცხვის თვალსაზრისით.

მათ გააქვთ ან შემოაქვთ ვალუტა ქვეყანაში, რაც გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე, მით უმეტეს, როდესაც თანხა მოცულობითია. გარდა ამისა, კომერციული ბანკები ახორციელებენ ვალუტის კონვერტირებას არა მარტო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ კლიენტის დავალებითაც. ამაში მეტწილად იმპორტიორები მონაწილეობენ, რომლებსაც გააქვთ ვალუტა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

კომერციულმა ბანკებმა, შარშანდელთან შედარებით, მართლაც მიიღეს მეტი შემოსავალი ვალუტის კონვერტაციით, რაც განპირობებულია იმით, რომ ბაზარზე ბევრად მეტი გაცვლითი ოპერაცია ხდება. როდესაც ვალუტის მოცულობა იზრდება, ბუნებრივია, მისგან მიღებული შემოსავალი ან ზარალიც მატულობს.

მეორე ფაქტორია, რომ ბოლო თვეებში სავალუტო ბაზარზე მერყეობა არის ბევრად უფრო მკვეთრი, ვიდრე შარშან, რაც ასევე კომერციული ბანკების დამატებითი შემოსავალია. არის თუ არა ეს რყევა ხელოვნური? როდესაც კომერციული ბანკები ახდენენ საკონვერციო ოპერაციებს, მათ არ აინტერესებთ, რა მოუვა ეკონომიკას. თუ სჭირდებათ დიდი თანხის გატანა ქვეყნიდან, დაუფიქრებლად გააქვთ. ამ დროს თუ ეროვნული ვალუტა მკვეთრად უფასურდება, ეს კომერციული ბანკის ინტერესში არ შედის.

ასეთ სიტუაციაში შესაძლებელია, დიდი მოგება ნახონ ან იზარალონ კიდეც. სავალუტო ბაზარზე არსებული ტენდენციის გამოყენება ბანკებს ზედმიწევნით შეუძლიათ", - განუცხადა "რეზონანსს" ელიავამ.

ბანკების ზემოგებაზე ამახვილებს ყურადღებას ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი. მისი თქმით, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის გარდა, კომერციული ბანკები მოგებას სხვა კუთხითაც ნახულობენ, მათ შორის საკონვერტაციო კომისიიდანაც. თუკი კომერციული ბანკები სპეკულაციით ცდილობენ ბაზარზე მუშაობას და მოგებას ამ მხრივ ზრდიან, ეს ეროვნული ბანკის პრობლემაა და მან უნდა დაარეგულიროს ბაზარზე არსებული ვითარება.

"როდესაც კურსის მერყეობაა, ამ შემთხვევაში ბანკები, რომლებიც დიდი მარჟით მუშაობენ, საკმაოდ მოგებული არიან. დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანაში ვალუტის რყევას ისინი ამ მოგების გამო იწვევენ, მაგრამ ეჭვი ნამდვილად არსებობს. გაცვლითი კურსის გარდა, მათი მოგების წილი მოდის კონვერტაციის კომისიებზე.

კლიენტმა არ იცის, რა კურსით ყიდულობენ ბანკები "ბლუმბერგის" სისტემაში ვალუტას. შესაბამისად, უცნობია სპეკულაციური მასშტაბები. მათი ძირითადი მოგება საკონვერტაციო საკომისიოებია, ასევე დამატებითი შემსავალი აქვთ ჰეჯირების ოპერაციიდანაც. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოზიდული აქვთ სახსრები დოლარში, მაგრამ სესხს გასცემენ ლარში. საკურსო რისკი რომ შეამცირონ, მათ მოზიდული თანხა (დოლარში) შეაქვთ ბანკებში დოლარის დეპოზიტზე, ამის უზრუნველსაყოფად კი იღებენ სესხს ლარში. რეალურად, კურსის დაზღვევა მიკროსაფინანსოებს წლიური 7-8% უჯდებათ, რაც ბანკების კიდევ ერთი დამატებითი მოგებაა.

არ არის გამორიცხული, ბანკები მოგებას სპეკულაციური კომბინაციებიდანაც იღებდნენ. ასეთი მომენტები ხშირია. მთავარია, სისტემა იყოს ისე მოწყობილი, რომ ნაკლებად მიეცეთ მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებს სპეკულაციური მოგების მიღების საშუალება. ამაზე ეროვნულმა ბანკმა უნდა იზრუნოს", - განუცხადა "რეზონანსს" ხომიზურაშვილმა.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"