ანასტასია, კოკა და დათო არიან ის ადამიანები, ვისაც აუცილებლად უნდა იცნობდეთ.
თუ რატომ, ამას სტატიის წაკითხვის შემდეგ გაიგებთ. ისინი ვენდისსა და დანქინ დონატსში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობენ. რამდენიმე მათგანმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“-ს ფარგლებში, დაიწყო მუშაობა. რამდენიმე მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატიდან მოხვდა, ზოგიც ღია ვაკანსიას გამოეხმაურა და თვითონ მივიდა გასაუბრებაზე. გთავაზობთ მათთან ძალიან საინტერესო ინტერვიუს.
დათო ჭეიშვილი, დანქინ დონატსი, მცხობელი:
დანკინ დონატსმა სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. აქ დამხვდა საოცრად თბილი გარემო და მზრუნველი ადამიანები. ეს არის ადგილი, სადაც დაფასდა ჩემი შრომა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დასაქმებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, გავხდი წლის საუკეთესო თანამშრომელი და დავჯილდოვდი კომპანიის მიერ. რისთვისაც მადლობას ვუხდი ბატონ კონსტანტინე ქარსილიდს, ქალბატონ თეა გოგელიას და ჩემს საყვარელ მენეჯერს სოფოს, მზრუნველობისთვის და მხარში დგომისთვის.ანასტასია აივაზოვა/ 17 წლის ბათუმიდან/ სერვისის კონსულტანტი/ ვენდისი:
მინდა გითხრათ, რომ მე განვიცდი ზედა კიდურის ანომალიას და ამასთან დაკავშირებით მსურს მოგაწოდოთ ჩემი აზრი და შეხედულება. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი მუშაობა ვენდისში მეტად საპასუხისმგებლოა, ამასთანავე ვამყარებ კომუნიკაციას საზოგადოებასთან. მე ჩემს ნაკლს არ ვიმჩნევ და მინდა გითხრათ, რომ ჩემი ყოველი გათენებული დილა იწყება მთელი შემართებითა და პოზიტივით. ახლა მე რომ ჩავიკეტო საკუთარ თავში ნაკლის გამო, არ ვიარო სკოლაში, სამსახურში და ა.შ რას მივიღებ? რა თქმა უნდა, მოწყენილ შეუსაბამო გარემოს.მოგიწოდებთ შ.შ.მ პირებს, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, ეცადეთ გაიხალისოთ ცხოვრება, შექმნათ პოზიტივი და დამიჯერეთ, სულ სხვანაირი ცხოვრება წარსდგება თქვენს წინაშე. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, ქუჩაში რომ გამოუყოლებიათ თვალი და მოუძახიათ ცალხელა და ა.შ არასდროს არ ვიმჩნევ, მე ხომ ვიცი ჩემი შესაძლებლობები და სწორედ ესაა, რომ მაძლიერებს.
ასევე მინდა გაცნობოთ კომპანია ვენდისში ჩემი დასაქმების შესახებ. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში მიუხედავად იმისა, რომ მე დავდივარ ქ. ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, დავდივარ ექსკურსიებზე, საჯარო ლექციებსა თუ დისკუსიებზე, უამრავ ადამიანთან ვამყარებ კომუნიკაციას და მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემთვის სტიმულია და შეიძლება ითქვას ეს ყოველივე მაძლიერებს და ახალისებს ჩემს ცხოვრებას. ვარ აქტიური.
თავიდან, როდესაც ბათუმში ვენდის რესტორანი გაიხსნა, არ მეგონა თუ მიმიღებდნენ და იქ გაგრძელდებოდა ჩემი მუშაობა. სხვაგანაც მიმუშავია, მაგრამ მე იქ ისეთი პასუხისმგებლობა და მოწესრიგებულობა ვერ ვიგრძენი, რამდენიც ვენდისში. ყველაფერთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ ყველა თითქმის ჩემზე დიდია და ყველასგან ვიღებ რჩევა-დარიგებას და ვიცი, რომ ცხოვრებაში აუცილებლად გამომადგება. მე ხომ ჯერ მთელი ცხოვრება წინ მაქვს და ბევრის მომსწრე გავხდები.
გულახდილად გეტყვით, რომ როცა სმენაში მოვდივარ, ყოველთვის მიხარია. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მიჭირს შინაგანად ან პრობლემა მაქვს, ვცდილობ ჩემი პოზიტივი გადავცე ჩემს კოლეგებს და მათთან ერთად გავატარო სასიამოვნო ცვლა.
ვენდისი, როგორც იცით, სწრაფი მომსახურების რესტორანია და ვითვალისწინებ იმ აზრს, რომ „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“. ყოველთვის ვცდილობ ყველა მომხმარებელი გავუშვა კმაყოფილი და ამავე დროს პოზიტივი გადავდო მათ, რადგან როგორც გასცემ ისე დაგიბრუნდება. არანაირად არ ვარ შეზღუდული, სულ არ მიჭირს ამა თუ იმ შეკვეთის სწრაფად აწყობა, რადგან ჩემს თავში გავაცნობიერე სად მოვედი, რისთვის და რისი მიღწევა მინდა და ვფიქრობ, რომ მომავალში კვლავ განვაგრძობ მეგობრობას კომპანია ვენდისთან, მადლობა მას და შემოქმედებით გუნდს!
კოკა ჩალათაშვილი, ვენდისი, სერვისის კონსულტანტი: მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში ბენეფიციარად. იგი აქტიურად იყო ჩართული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით. არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში კოკა ხელს უწყობდა აღნიშნულ პირებს სამსახურის მოძიებაში. ერთ-ერთი კომპანია, რომელთან თანამშრომლობაც უწევდა, იყო ვენდისი. აქედან გამომდინარე, ძალიან დაინტერესდა კომპანიის მუშაობით და თავადაც გადაწყვიტა გამხდარიყო მათი გუნდის წევრი.
პირველ ეტაპზე გადაწყვიტა მუშაობა დაცვის სამსახურში დაეწყო, რადგან უკვე ჰქონდა დაცვის სამსახურში მუშაობის გამოცდილება. გასაუბრებების შემდეგ, HR დეპარტამენტმა შესთავაზა კოკას მიეღო გამოწვევა და მუშაობა დაეწყო საოპერაციო მიმართულებით, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა პოზიციების დაუფლებას და გუნდურად მუშაობის პრაქტიკას. დიდი მონდომების საფუძველზე, კოკამ ვენდისში მუშაობა 10 დეკემბრიდან დაიწყო.
პირველივე დღიდან კოკა აქტიურად შეუდგა პოზიციების ათვისებას, მალევე დაუმეგობრდა თანამშრომლებს და იმავე შემართებით განაგრძობს მუშობას დღემდე. ამ მიმართულებით კოკას აქვს დიდი პოტენციალი. არის მონდომებული და სურს, რომ განვითარდეს და ჩამოყალიბდეს ლიდერად. კოკას სამომავლო გეგმებში განიხილება ამერიკაში სწავლა. ამ ეტაპზე არ აქვს გადაწყვეტილი კონკრეტულად რა მიმართულებით გააგრძელებს სწავლას.
ჩვენ გავესაუბრეთ ვენდისისა და დანქინ დონატსისს HR მენეჯერს. თეა გოგელიამ საუბრისას განაცხადა, რომ ისინი თანაბარ შესაძლებლობას აძლევენ ადამიანებს, გამოავლინონ თავიანთი კომპეტენცია და უნარები შესაბამის ვაკანსიაზე და ცდილობენ თითოეული მათგანისთვის კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო გარემო შექმნან. შერჩევის პროცესში სწორედ ამით ხელმძღვანელობენ.
ასევე ჩავწერეთ ვენდისისა და დანქინ დონატსის თანამშრომლები, რომლებმაც კოკა, დათო და ანასტასია დაახასიათეს.
გურამ ცხვირავაშვილი, ბათუმის ვენდის რესტორნის გენერალური მენეჯერი:
ანასტასია აივაზოვავენდისში მუშაობს 2017 წლის ზაფხულიდან. მან მოსვლისთანავე მოიპოვა არამარტო თანამშრომლების, არამედ თითოეული მომხმარებლის კეთილგანწყობა და პატივისცემა. მისი ყოველდღიური მუშაობა გამორჩეულია მონდომებით, დაუღალავი შემართებით და მხიარულებით, რომელიც არამარტო მას, არამედ სხვა თანამშრომლებსაც ეხმარება სამუშაო დღის პოზიტიურად წარმართვაში.
ჩემი, როგორც მენეჯერის გადმოსახედიდან, ანასტასია ძალიან კარგი ადამიანი და შეუდარებელად პროდუქტიული თანამშრომელია მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, დასაფასებელია მისი თავდაუზოგავი შრომა ვენდის ბათუმის ფილიალის განვითარებისთვის, იგი ნამდვილი მაგალითია ვენდისის დამფუძნებლის, დეივ ტომასის, სიტყვებისა: „ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია“.
ეკა ბერუაშვილი, რუსთაველის ვენდისის რესტორნის გენერალური მენეჯერი: კოკა ჩალათაშვილი მუშაობს რუსთაველის ვენდისში ქრუს პოზიციაზე. მაქვს სიამოვნება ვიმუშაო კოკასთან უკვე 6 თვე. მოსვლის დღიდან კოკა დიდი მონდომებით შეუდგა საქმეს. ის გამოირჩევა მისი უნარებით: კომუნიკაბელურია, აქტიურია, მიზანდასახულია, კეთილსინდისიერია, მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, ოპტიმისტური, გამსჭვალულია ღრმა პასუხისმგებლობის გრძნობით. უყვარს თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან ურთიერთობა. კოკა სამაგალითოა თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის, ის ბოლომდე იხარჯება და ცდილობს მისი ამაღლებული განწყობა ყველას გაუზიაროს.
სოფო ელბაქიძე, დანქინ დონატსის დონატების საწარმოს ხელმძღვანელი: საოცარია გაიზარდო სრულიად მარტო, მშობლების სიყვარულის გარეშე და იყო ისეთი უბოროტო და კაცთმოყვარე როგორიც დათოა. მიუხედავად იმისა, რომ იზრდებოდა ჩვილ ბავშვთა პანსიონატში, შემდეგ სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახლში, იგი არის ზედმიწევნით პასუხისმგებლიანი, სამართლიანი, შრომისმოყვარე და უკონფლიქტო. ყველასათვის საყვარელი თანამშრომელი. უზომოდ უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს და ასრულებს განსაზღვრულ დროში სწრაფად და ხარისხიანად. ნებისმიერ დროს მზად არის დახმარებისთვის, არის მიზანმიმართული და ყოველთვის ცდილობს იპოვოს გამოსავალი რთული სიტუაციიდან.
პ.ს სტატიის წაკითხვის შემდეგ, ალბათ კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ადამიანების შესაძლებლობებს ზღვარი არ გააჩნია.
წყარო: hrhub.ge
(R)