"გასული წელი რეკორდული იყო საქართველოს საავიაციო ბაზრისთვის. საქართველოს ყველა აეროპორტში ჯამურმა ზრდამ 46% შეადგინა", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო საავიაციო ფორუმის „CONNECT 2018“ - ის ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში 7 მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორი ჩამოვიდა.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, საჰაერო მიმოსვლა და ტურიზმი კვლავაც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებია და მსგავს ზრდას წელს ელოდებიან.
საერთაშორისო საავიაციო ფორუმის „CONNECT 2018“ - ის ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც განაგრძობს საავიაციო ბაზრის განვითარების ხელშეწყობას.
„ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს და ხელს შევუწყობთ ყველა იმ კერძო პირსა თუ კომპანიას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის წარმოებას გადაწყვეტს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.