მტკიცედ გვწამს, რომ მთავრობებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა დარგების განვითარებისთვის - ბოლო წლებია ჩვენ სწორედ ამ გზით მივდივართ, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო საავიაციო ფორუმის CONNECT 2018-ის ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ქუმსიშვილის თქმით, საქართველო თანამიმდევრულად ატარებს აღნიშნულ პოლიტიკას და ახორციელებს ინვესტიციებს, რომლებიც დარგების ზრდასა და ქვეყნის განვითარებას იწვევს.
“ჩვენ უზრუნველვყავით მაქსიმალურად ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო დაბალი გადასახადებით. გავამარტივეთ რეგულაციები. ამასთან, განსაკუთრებული ძალისხმევით ვმუშაობთ ჩვენი სატრანსპორტო ქსელებისა და მათი ხარისხის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ინვესტირება განვახორციელეთ აეროპორტებში - ყველა ზომა მივიღეთ აეროპორტებში უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების უზრუნველსაყოფად. ჩვენ დავნერგეთ ე.წ. ღია ცის პოლიტიკა, რითაც ბაზარი ღია გავხადეთ და ყველა მსურველს მივეცით საშუალება ამ პრივილეგიით ესარგებლა. მოხარული ვარ, რომ თამამად შემიძლია გითხრათ - ამგვარმა მიდგომამ უკვე გამოიღო შედეგი და მომავალშიც მოგვიტანს სარგებელს. თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა. გვიხარია და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ რეგულარულად ინიშნება ფრენები ახალი მიმართულებებით, ხოლო არსებული ფრენების სიხშირე კი იზრდება,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საერთაშორისო საავიაციო ფორუმის CONNECT 2018-ის რიგით მე-15 საიუბილეო ღონისძიებას, რომელსაც წელს თბილისმა უმასპინძლა, მსოფლიოს 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.