თბილისში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხთან დაკავშირებით კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევა მიზნად ისახავდა დედაქალაქში არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის რამდენიმე შესაძლო სცენარის შედარებას, კერძოდ: 1. არსებული სიტუაციის შედარება; 2. შემოვლითი რკინიგზის ხაზი 2009 წლის პროექტის მიხედვით; 3. სარკინიგზო გვირაბი ნავთლუღიდან დიდუბემდე; 4. ქალაქში მაგისტრალური სარკინიგზო ხაზისა და ცენტრალური სადგურის შენარჩუნება, ხოლო მაგისტრალური ხაზის გარდა, დიდუბე ნაძალადევის რაიონში დარჩენილი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ქალაქის პერიფერიულ რაიონებში გადატანა.
კვლევის ავტორის, PMC კვლევითი ცენტრის აფილირებული მკვლევარის და ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელის გიორგი ბაბუნაშვილის განმარტებით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა ორი საუკეთესო ვარიანტი - ნავთლუღიდან დიდუბემდე გვირაბის საჭიროება და რკინიგზის ნაწილობრივ გადატანა.
"კვლევის რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ განხილულ ვარიანტებს შორის ოპტიმალური პარამეტრების ერთობლიობით არის სარკინიგზო გვირაბი ნავთლუღიდან დიდუბემდე. ასევე, საინტერესოა, ქალაქში მაგისტრალური სარკინიგზო ხაზისა და ცენტრალური სადგურის შენარჩუნება, ხოლო მაგისტრალური ხაზის გარდა, დიდუბე- ნაძალადევის რაიონში დარჩენილი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ქალაქის პერიფერიულ რაიონებში გადატანა", - განაცხადა ბაბუნაშვილმა.
მისი თქმით, კვლევის შედეგებს თბილისის მერიის წარმომადგენლებს გააცნობენ.