ქუთაისიდან მოსკოვისა და პეტერბურგის მიმართულებით ფრენები განხორციელდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვისა და პეტერბურგის მიმართულებით ფრენები განხორციელდება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია POBEDA AIRLINES ფრენებს ქუთაისი-მოსკოვი, ქუთაისი-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით შეასრულებს.

გადაწყვეტილება საერთაშორისო საავიაციო ფორუმის, #CONNECT2018-ის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და კომპანიის ხელმძღვანელი პირების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

“გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რასაც ამ ფორუმის ფარგლებში მივაღწიეთ. ახალი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია POBEDA AIRLINES ქუთაისი-მოსკოვი, ქუთაისი - სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით იფრენს. რეგულარული ფრენები, სავარაუდოდ, სექტემბრიდან განხორციელდება“, - განაცხადა “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო საავიაციო ფორუმი #CONNECT2018 სასტუმრო ბილტმორში მესამე დღეა გრძელდება. საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიებაში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.