შპს „ტელეიმედს“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს საქართველოს სარეკლამო ბაზრის 81% უკავიათ
- ამის შესახებ ნათქვამია კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2012-2017 წლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების ანალიზში.
„2017 წლის, ბოლო მონაცემის შესაბამისად, საქართველოში სულ 98 არხი მაუწყებლობს
აქედან 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2012 წლიდან დღემდე ამ
სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და მედია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა,
კერძოდ, მაუწყებლების რაოდენობა 54-დან 98-მდე არის გაზრდილი, ხოლო ეროვნული ღია
საეთერო მაუწყებლების რაოდენობა (საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩათვლით) 2012 წლიდან
დღემდე 4-დან 21-მდეა გაზრდილი. კერძო ტელემაუწყებლების მიერ კომისიაში
წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მათი შემოსავლის ძირითად წყაროს სარეკლამო,
სასპონსორო, პროდუქტის განთავსებისა და ტელეშოფინგის შემოსავლები წარმოადგენს.
აღნიშნული შემოსავლების მიხედვით უნდა გამოიყოს ორი ყველაზე დიდი მედიაჰოლდინგი
შპს „ტელეიმედი“ („ტელეკომპანია იმედი“, “GDS”, და „მაესტრო“) და შპს „სამაუწყებლო
კომპანია რუსთავი 2“ („რუსთავი 2“, კომედი, მარაო), რომლებსაც ჯამში საქართველოს
სარეკლამო ბაზრის 81% უკავიათ“, - აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.