GWP კაკლების დასახლებაში წყალმომარაგების სისტემას აწყობს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2018 წლის საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტად თბილისის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობა რჩება.

როგორც  კომპანიიდან იუწყებიან, ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - კაკლების დასახლებაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა და განვითარებაა. აღსანიშნავია, რომ კაკლების დასახლებაში ისტორიულად წყალმომარაგების სისტემა არ არსებობდა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად კაკლების დასახლებაში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 4 კილომეტრიან წყალმომარაგების ახალ ქსელს აწყობს. ამასთან ერთად, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტები დამონტაჟდება და ასევე, 3 სატუმბო სადგური მოეწყობა. აღნიშნულ პროექტში კომპანია 1.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, კაკლების დასახლების მოსახლეობას 24 საათიანი, უწყვეტი და სტაბილური წყალმომარაგება ექნება.

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მსგავსი ტიპის პროექტებს თბილისის ზედა ზონებში და ივერთუბნშიც ახორციელებს. უახლოეს მომავალში კი კომპანია ბეთანიასა და კვესეთში დაიწყებს სამუშაოებს, სადაც 30 კილომეტრიანი წყალმომარაგების ქსელი მოეწყობა და 4.5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.