ფოთში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კომპანია ,,აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო გახსნა.
სამკერვალო საწარმოს საზეიმო გახსნის ცერემონიაში საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და შპს „აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ მონაწილეობდნენ.
როგორც საწარმოში აცხადებენ, ახალი საწარმო უახლესი საერთაშორისო სტანდარტების სამკერვალო მანქანა-დანადგარებით არის აღჭურვილი და როგორც ქალის, ასევე მამაკაცის და ბავშვის სპორტულ ტანსაცმელს აწარმოებს. ამ ეტაპზე იქ 800 ადამიანია დასაქმებული, თუმცა საწარმოს სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ, მათი რიცხვი 3000-მდე გაიზრდება.
„დღეის მდგომარეობით ამ სამკერვალო ფაბრიკაში 25 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. სახელმწიფოს მხრიდან ,,აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში მოხდა როგორც ინფრასრუქტურული კომპონენტით, ასევე ფინანსური კომპონენტით მხარდაჭერა. კომპანიისთვის გადაცემული იყო 4ჰა. მიწა, რომლის ღირებულებაც 1200 ათას ლარზე მეტი იყო. დღეის მდგომარეობით, სესხის პროცენტის სახით თანადაფინანსებამ 1 400 000 ლარი შეადგინა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ახალი საწარმო, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გავზარდოთ ქართული ექსპორტი უკვე ქვეყნის გარეთ,“- განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
კომპანია “აჭარა ტექსტილი” უკვე ფლობს ორ სამკერვალო ფაბრიკას ბათუმსა და ქობულეთში და დასაქმებული ჰყავს 2500 ადამიანი. არსებულ საწარმოებში ყოველთვიურად 100 ახალი თანამშრომელი გადის გადამზადების კურსს. კომპანიამ აღნიშნული ბიზნეს-პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში განახორციელა.
ფოთში Nike, New Balance, Puma და Lotto-ს სპორტული ტანსაცმელი თებერვლის ბოლოდან შეიკერება