საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი 2019 წლის ნაცვლად, 2023 წლიდან ამოქმედდება.
სფეროს ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება საჭიროა და დადებით შედეგებს მოიტანს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორისთვის მსგავსი ხელშეწყობა საჭირო არ არის.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსისტმა, არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერძენაძემ განუცხადა, ე.წ. ესტონური მოდელი საფინანსო სექტორს ფულადი სახსრების დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.
„ზოგადად საფინანსო სექტორისათვის აღნიშნული მოდელის გადავადება არის ძალიან დადებითი მოვლენა. ერთი მხრივ, საფინანსო სექტორის მოთამაშეებს, განსაკუთრებით იმ კომპანიებს, რომლებსაც დღემდე არ ჰქონდათ გარკვეული სტატუსი, ე.წ. ესტონური მოდელი ფულადი სახსრების დაზოგვის შესაძლებლობებს გაუჩენს. მეორე მხრივ კი, ინვესტიციის კუთხით ეს, საკმაოდ დადებითი მოვლენაა. მოგეხსენებათ, ინვესტორი, რომელიც შემოდის და დებს ინვესტიციას, ცდილობს, რომ დივიდენდი სწრაფად აიღოს. ამ შემთხვევაში მას ეს ინტერესი კვლავ ექნება“, - აცხადებს ბერძენაძე.
რაც შეეხება ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედების ვადის ოთხი წლით გადავადებას, ფინანსისტი აღნიშნავს, რომ გადავადება საჭირო იყო, რადგან სექტორი ჯერ ამისთვის მზად არ არის: „ზოგადად ვფიქრობ, რომ ესტონური მოდელი საქართველოსთვის ჯერ ადრე იყო, განსაკუთრებით საფინანსო სექტორისათვის, რადგან ეს გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ამიტომაც სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ცვლილება არა 2019, არამედ 2023 წლიდან ამოქმედდება“, - აღნიშნავს ირაკლი ბერძენაძე.
საპირისპირო პოზიცია აქვს ანალიტიკოსს მერაბ ჯანიაშვილს, რომელიც განმარტავს, რომ საფინანსო სექტორისთვის ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედება არის დამატებითი ხელშეწყობა. მისი თქმით, „საფინანსო სექტორს დამატებითი პრეფერენციები არ სჭირდება“
„აღნიშნული სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედებას არ ვეთანხმები იმიტომ, რომ მკაფიოდ განსაზღვრული არ არის, რეინვესტირებად რა ჩაითვლება. შეიძლება სესხის გაცემაც რეინვესტირებად ჩაითვალოს. საფინანსო სექტორს ისედაც ბევრი შეღავათები აქვს სახელმწიფოსგან და დამატებითი პრეფერენციები არ სჭირდება. არათუ 2023 წელში, საერთოდ არ უნდა დაწესდეს შეღავათი. ფინანსური საქმიანობა დღგ-თი არ იბეგრება, ბანკებს სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ხარჯებში გატარება შეუძლიათ, რაც მათთვის მოგების გადასახადს კიდევ უფრო ამცირებს. შედეგად მივიღეთ ის, რომ გასულ წელს საბანკო სფეროს წმინდა მოგება 870 მილიონი ლარი იყო. ბიუჯეტში კი მოგების გადასახადი მხოლოდ 90 მილიონი ლარი შევიდა. საფინანსო სექტორი ესტონური მოდელით სარგებელს ნახავს, თუმცა ამის საჭიროება არ დგას“, - აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია/საწარმო მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში იბეგრება, ხოლო თუ მის სრულ რეინვესტირებას ახდენს, აღნიშნული გადასახადისგან თავისუფლდება.
რაც შეეხება საფინანსო სექტორს, მათთვის აღნიშნული მოდელის ამოქმედება 2019 წლიდან იგეგმებოდა, თუმცა დღეს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საფინანსო სექტორი გადასახადების ესტონური მოდელით 2023 წლიდან ისარგებლებს.
თეონა კენჭიაშვილი