საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აკვაკულტურის მეურნეობების საპილოტე გამოკვლევას იწყებს.გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, აკვაკულტურის მეურნეობების გამოკვლევა საქართველოს სოფლის მეურნეობის, გარემოსა და სოფლის სტატისტიკის სტრატეგიული გეგმის 2016-2020 წწ. სამოქმედო გეგმის ნაწილს წარმოადგენს და საქართველოში პირველად ჩატარდება.
მათივე ინფორმაციით, საველე სამუშაოები ანდროიდ ტაბლეტების გამოყენებით მონაცემთა შეგროვების ახალი მეთოდით (CAPI) განხორციელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქსტატმა საველე პერსონალის ტრენინგები დაიწყო. სწავლება ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოკვლევის მიზანია საქართველოში აკვაკულტურის შესახებ ოფიციალური სტატისტიკის წარმოება. გამოკვლევის შედეგად მიიღება ინფორმაცია აკვაკულტურის მეურნეობების სხვადასხვა მახასიათებლების, მათ შორის, აკვაკულტურის მეურნეობების სარგებლობაში არსებული წყალსატევების, ნედლი თევზის წარმოების, თევზის რეალიზაციისა და დანაკარგების, წყლის ორგანიზმების კვების, სასუქებისა და პესტიციდების გამოყენების, აკვაკულტურის მეურნეობებში გამოყენებული ტექნიკის, აკვაკულტურის მეურნეობებში დასაქმების და დანახარჯების შესახებ.
აღნიშნულ გამოკვლევასთან დაკავშირებით ტრენინგები და საველე სამუშაოები 22 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. სწავლების მიმდინარეობისას უწყების სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის სამმართველოს თანამშრომლების დახმარებით საქსტატის საველე პერსონალი და რეგიონული სამართველოების 70-მდე თანამშრომელი გადამზადდება.