„ბიზნესს მნიშვნელოვნად აზიანებს საგადასახადო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებები“

„საგადასახადო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებები გარკვეულ კითხვებს აჩენს“, ამის შესახებ საადვოკატო ბიუროში OK&CG-ში აცხადებენ.

კომპანიის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ცვლილებათა ინიციატორებმა დეტალურად უნდა განმარტონ, რეალურად რას ისახავს მიზნად დაბეგვრის ახალი სისტემა.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ-ები) და ასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების (ა(ა)იპ-ები) უმეტესობა ფინანსდება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, შესაბამისად აღნიშნული ინიციატივა მიზნად არ ისახავს ბიზნეს სექტორისთვის შეღავათების დაწესებას და კითხვებს აჩენს იმის შესახებ, თუ რეალურად რას ისახავს მიზნად დაბეგვრის ახალი ინიციატივა ამ ნაწილში,“- აღნიშნავს OK&CG-ს ადვოკატმა ქეთევან ქავთარაძემ.

მისივე თქმით, საგადასახადო კანონმდებლობაში დაბეგვრასთან დაკავშირებული მსგავსი სახის ცვლილებები ხშირად არ უნდა განხორციელდეს, რადგან აღნიშნული სწრაფი ცვლილებები ბიზნესის სიმყარეს აზიანებს.

„რაც შეეხება ავანსთან მიმართებით არსებულ ინიციატივას, იურისტები თავდაპირველ ეტაპზევე ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებდით ჩვენს უარყოფით დამოკიდებულებას ავანსის დღგ-თი დაბეგვრასთან დაკავშირებით, რადგან მეწარმე სუბიექტების უმეტესობა საქმიანობაში მუდმივად თავისუფლად იყენებდა ავანსს და არ ბეგრავდა მას, ხოლო 2017 წლის 01 იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციამ ბიზნეს სექტორს დაუმძიმა ეკონომიკური მდგომარეობა,“-განაცხადა ქეთევან ქავთარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ფინანასთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი 6 ინიციატივა გააჟღერა.