4 ტონა სილიკო-მანგანუმის ტექნოგენური ნარჩენის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთისრეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 4 ტონა სილიკო-მანგანუმის ტექნოგენური ნარჩენის (წიდა) უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კვალითის დასახლებაში მოქალაქეს 4 ტონა სილიკო-მანგანუმის ტექნოგენური ნარჩენი - წიდა სათანადო ლიცენზიის გარეშე ჰქონდა მოპოვებული. დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე 58 ტომარა - 4 ტონა ტექნოგენური ნარჩენი დაილუქა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2018 წლის 1 იანვრიდან დღემდე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სილიკო-მანგანუმის ტექნოგენური ნარჩენის უკანონო მოპოვების 101 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 79 ფაქტი ქალაქ ზესტაფონში დაფიქსირდა.