"ჩირიფრუტი“ - თურქეთში ზოგიერთ ქართულ პროდუქციაზე კვოტების გაუქმება საწარმოებისთვის მეტი პროდუქციის წარმოების მოტივაცია იქნება

თურქეთის ბაზარზე ზოგიერთ ქართულ პროდუქციაზე დაწესებული კვოტების გაუქმებას დადებითად აფასებს „ჩირიფრუტის“დამფუძნებელი სოფო ჯიქია.

როგორც სოფო ჯიქიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ეს გადაწყვეტილება საწარმოებისთვის იქნება სტიმული და მოტივაცია, რათა უფრო მეტი პროდუქცია აწარმოონ და ექსპორტზე გაიტანონ.

„რაც შეეხება თურქეთის ბაზარს, მნიშვნელოვანია, მოიძებნოს ჩირის სახეობა, რომელიც იქაური ბაზრისთვის მიმზიდველი იქნება. ცხადია, კარგი იქნება თუ ამაზე აქცენტი გაკეთდება“, - განაცხადა სოფო ჯიქიამ.

საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის არსებული შეთანხმების გაფართოებაზე შეთანხმდნენ. მხარეებს შორის შეთანხმება საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თურქეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შედგა.

შეთანხმების თანახმად, ქართულ ლიმონზე, კივიზე, ყურძენზე, ჩირზე, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებსა და წვენებზე, საკვებ ინგრედიენტებზე დაწესებული კვოტები გაუქმდა. გარდა ამისა, კვოტები გაიზარდა ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა თაფლი, რომელზეც თურქეთში მოთხოვნა საკმაოდ დიდია. კვოტები აგრეთვე გაიზარდა ცოცხალ ცხვარზე და თხაზე, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.