სამშენებლო რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული სანქციები მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე წარმოებულ მშენებლობებზე გავრცელდება.
“პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ასახული ცვლილებები, რომელიც თავის მხრივ, შრომის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, თბილისს ეხება.
“ის, რაც უშუალოდ მშენებლობებს ეხება, მხოლოდ თბილისზე ვრცელდება. ასეთი ინიციატივა თვითმმართველობასთან უნდა იყოს შეთანხმებული. თუკი შესაბამისი ინიციატივა სხვა თვითმმართველობებსაც ექნებათ, რა თქმა უნდა, პარლამენტი კანონში ცვლილებებს კიდევ შეიტანს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.
“პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 3000 ლარიდან 30 000 ლარამდე იზრდება. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებული იქნება შემოწმების აქტის შედგენიდან დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების თაობაზე.
ამავე ცვლილებებით, მშენებლობის შეჩერების თაობაზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული 5 000 ლარისა.
გარდა ამისა, მკაცრდება სანქციები ზოგადად უნებართვო მშენებლობაზე. კერძოდ, სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საჯარიმო სანქცია 10 000 ლარიდან 25 000 ლარამდე იზრდება. ასევე, კერძო საკუთრებაში უნებართვო მშენებლობა და რეკონსტრუქცია, რომელიც პარამეტრებით მიეკუთვნება მესამე და მეოთხე კლასს, 20 000 ლარით დაჯარიმებას დაექვემდებარება. ასევე იზრდება საჯარიმო სანქციები პროექტის დარღვევით მშენებლობის განხორციელებაზე, კერძოდ, მესამე და მეოთხე კლასის ობიექტებზე - 10 000 და 15 000 ლარით.
“შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა.