Georgian Palace-ის მართვაში ესპანური კომპანია შედის - რატომ გადაწყვიტა თემურ ჭყონიამ სასტუმროს მენეჯმენტის შეცვლა

სასტუმრო Georgia Palace Hotel&Spa-ს მართვაში ესპანური კომპანია შედის.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სასტუმროს მფლობელმა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ექსკლუზიურად განუცხადა, მენეჯმენტის ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება კონკურენციის ზრდით არის განპირობებული. კონკრეტულად რომელი კომპანია შევა Georgia Palace-ის მართვაში, ჭყონია ჯერჯერობით არ ახმაურებს.

„ქობულეთის სასტუმროში ცნობილი ესპანური კომპანია მართვაში შემოგვყავს. მენეჯმენტის ცვლილება და მთლიანად სხვა კომპანიისთვის მართვაში გადაცემა შეკვეთილში ახალი სასტუმრო Paragraph-ის აშენების შემდეგ გადავწყვიტეთ, რადგან უფრო „აგრესიული“, უფრო კონკურენტუნარიანები გავხდეთ. ახალი მენეჯმენტი Georgia Palace-ს სულ სხვა დონეზე აიყვანს, როგორც სერვისის, ასევე მომსახურების კუთხით. აჭარის რეგიონში კონკურენცია საკმაოდ გაზრდილია და ჩვენ ამ ტემპს არ უნდა ჩამოვრჩეთ. დეტალებზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა გეტყვით, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება“, - აცხადებს ჭყონია.

მისივე თქმით, სასტუმროში ახალი მენჯმენტის შემოსვლის შემდეგ, ბევრი ცვლილება იგეგმება.

„რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვლება, მათ ექნებათ უფრო მეტი რესურსი, რომ ტურისტები მოიზიდონ, მარკეტინგის და სერვისის მიმართულებით გაუმჯობესება მოხდეს. ასევე, არსებული ინფრასტრუქტურის შეცვლა-გაუმჯობესებაც იგეგმება. თუმცა რა და როგორ მოხდება, ამას თავად ახალი კომპანია გადაწყვეტს, რომელსაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აქვს სასტუმროების მართვის გამოცდილება“, - აღნიშნავს თემურ ჭყონია.

კითხვაზე, აქამდე არსებული მენჯმენტი იყო თუ არა ეფექტური და რატომ მიიღეს შეცვლის გადაწყვეტილება, ბიზნესმენი პასუხობს, რომ მათი მენეჯმენტი ეფექტურია, თუმცა ხშირად იცვლება, რათა უკეთესი სერვისი მიიღონ.

„მართვაში სულ უცხოური მენეჯმენტი გვყავდა, რომელსაც პირდაპირ ჩვენ ვქირაობდით, პერსონალიებს თავად ვარჩევდით. ახლა კი სტრატეგიას ვცვლით და შემოგვყავს კომპანია, რომელსაც მართვის უფრო დიდი რესურსები აქვს, ვიდრე ჩვენ ინდივიდუალური კონტრაქტებით გვქონდა. აქამდე ჩვენი სასტუმრო ერთ კომპანიას მთლიანად არასდროს უმართია. ახლა კი კონკურენციის გაზრდის მიზნით, აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღეთ“, - აცხადებს თემურ ჭყონია.

ქობულეთში Georgia Palace Hotel & Spa 2008 წლის ზაფხულში გაიხსნა და შავიზღვისპირეთში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იყო. სასტუმრო ბიზნესმენ თემურ ჭყონიას დაფინანსებით, ქართულმა კომპანიამ ააშენა. სასტუმროში 155 ნომერია, მათ შორის 5 ლუქსი. სასტუმროს მომსახურე პერსონალი მთლიანად ქართველებისგანაა დაკომპლექტებული.

რაც შეეხება ხუთვარსკვლავიან სასტუმროს Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს, უკვე რამდენიმე თვეა სატესტო რეჟიმში მუშაობს. როგორც თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, სასტუმროს ოფიციალური გახსნა გაზაფხულისთვის იგეგმება. სასტუმროს ოპერირებას უწევს „მერიოტი“, რომლის ვებგვერდზეც სასტუმროს ოფიციალური ჯავშანი 1 მარტიდან არის შესაძლებელი.

სასტუმროში 5 სხვადასხვა კატეგორიის 220 ნომერი იქნება. სასტუმრო კომპლექსი მოიცავს ასევე 2 000 კუბური მეტრი მოცულობის აკვარიუმს, ზღვაში 150 მეტრზე შეჭრილ აუზს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს წყლის სასრიალო ატრაქციონებით, 3 500 კვადრატული მეტრი ფართობის ზამთრის ბაღს, კინოს, ჩოგბურთის კორტებს, სპორტულ მოედნებს, წყლის გიგანტურ ტობოგანს. სასტუმროს „თანაინვესტირების ფონდი“ აშენებს და მისი ჯამური ღირებულება 80 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

თეონა კენჭიაშვილი